მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FAO-ს მრჩეველი: ლოგიკურია, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდეს

60df11326ad93
ელენე გოგბერაშვილი
02.07.21 21:01
873
ივნისში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში რეკორდული - 9.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. წლიურ ჭრილში ფასების ასეთი მკვეთრი მატების ძირითადი მიზეზი სურსათის და საწვავის გაძვირებასთან ერთად, ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება იყო.

საქსტატის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე. სურსათის კატეგორიაში ყველაზე მეტად ზეთი, ბოსტნეული, შაქარი და თევზეული გაძვირდა.

ფასები გაზრდილია ტრანსპორტის ჯგუფშიც. კომუნალური მომსახურების კატეგორიაში კი ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე 14%-იანი ფასების ზრდა ფიქსირდება, რასაც ასევე გავლენა ჰქონდა ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე.

თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე გაძვირებული პროდუქტების სიას გადავხედავთ, სათავეში კომბოსტო (106%) და ზეთია (96%). ერთადერთი, რაზეც ერთი წლის განმავლობაში ფასები შემცირდა მხოლოდ ხილია.

იმის გამო, რომ საქართველო ძირითადად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ინფლაციაზე გავლენას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია ახდენს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ ექვსთვიან ჭრილში საერთაშორისო ფასები იზრდება, რასაც ბუნებრივია გავლენა აქვს საქართველოზეც. არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, FAO-ს სამომავლოდ დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება უჭირს.

„FAO ყოველთვიურად ადგენს გლობალური ფასების ინდექსს სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე. ეს არის შაქარი, მცენარეული ზეთი, მარცვლეული, ხორცპროდუქტები და რძის პროდუქტები. აღნიშნული ინდექსი სახელმწიფოთა ვაჭრობის შედეგად არსებული მონაცემებიდან დგინდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ექვსი თვის გაანალიზების შედეგად აბსოლუტურად სამომხმარებლო კალათის ყველა ძირითად პროდუქტზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება.

შეიძლება ერთი თვის მონაცემმა მყისიერი გავლენა ვერ მოახდინოს მაგალითად საქართველოს ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე, მაგრამ როდესაც ეს ტენდენცია არის განგრძობადი, ბუნებრივია ეს მნიშვნელოვან ასახვას პოვებს საქართველოში არსებულ ფასებზე, რადგან უარყოფითი სალდო გვაქვს ვაჭრობაში. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ზრდის ტენდენცია, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებზე, რომელშიც იმპორტის წილი არის მაღალი, შენარჩუნდეს.

ვნახოთ სეზონურობიდან გამომდინარე რა მოსავლიანობის მაჩვენებელი გვექნება, თუ ავიღებთ მაგალითად მარცვლეულ კულტურებს, თუ ძირითადმა მწარმოებლებმა აჩვენეს მაღალი მოსავლიანობის მაჩვენებელი, შესაძლებელია ამან დადებითი გავლენა იქონიოს ფასებზე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუკი გავითვალისწინებთ 6-7 თვის ტენდენციებს, ეს ზრდის ტემპი შესაძლებელია შენარჩუნდეს. ამიტომაც სასურსათო უზრუნველყოფაზე აქცენტის გაკეთება როგორც გლობალურად, ისე ეროვნულ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია“, -აცხადებს FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტარგეტირების მთავარ ინსტრუმენტად ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს იყენებს. ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, სანამ ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს არ დაუახლოვდება, გამკაცრებული დარჩება მონეტარული პოლიტიკაც.