15.მაისი .2020 15:55

FAO: საქართველოში ფერმერთა მხარდასაჭერად 3.2 მლნ ლარის საგრანტო პროგრამა იწყება

views 460
უკან

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის დარგის და ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით დაფინანსების მექანიზმი - საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს საგრანტო პროგრამის ფარგლებში თანამედროვე საირიგაციო სისტემების შეძენისა და დამონტაჟებისთვის თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. საგრანტო პროგრამისთვის, საერთო ჯამში 3.2 მილიონი ლარი გამოიყო.

საგრანტო თანადაფინანსების მისაღებად, მსურველებს განაცხადის შეტანა 30 ივნისამდე შეეძლებათ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, 22 მუნიციპალიტეტში: ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევი საქმიანობენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარს, საირიგაციო სისტემის შეძენისა და მონტაჟის სრული ღირებულების 75% (არაუმეტეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) დაუფინანსდება.

"საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რათა ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყვეტ პროგრესს ქვეყანაში. დღეს, მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმ დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც COVID-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ შეექმნას. სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეძლო სწრაფად განეხორციელებინა საჭირო ცვლილებები პროგრამებში. ჩვენ დავეხმარებით ფერმერებს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვას და ქვეყანაში პირველადი წარმოების ზრდას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

"დღეს, გამოწვევებით აღსავსე დროში, სასურსათო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. პანდემიის საპასუხო საგრანტო ინიციატივა საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში, ფერმერებს საირიგაციო სისტემების სწრაფ მოწყობაში დაეხმარება, რათა მათ წარმოება გაზარდონ. ქვეყნისთვის ეს სურსათის მიწოდების ზრდასა და მეტ შემოსავალს ნიშნავს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს სეზონური სამუშაოების შესრულებაში დროულად დავეხმაროთ. თანამედროვე საირიგაციო სისტემებზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ბოსტნეულისა და კენკროვანი კულტურების მოსავლის მოცულობის ზრდასა და შესაბამისად, მეტი შემოსავლის მიღებას. ეს კი, დაეხმარება ქვეყანას, ეფექტიანად დაძლიოს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები", - განაცხადა საქართველოში FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.

ცნობისთვის, საგრანტო თანადაფინანსების პროგრამაში რეგისტრირების პროცესი სრულად ადაპტირებულია ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობასთან. განაცხადების შეტანა ხორციელდება ონლაინ, ხოლო საკონსულტაციო დახმარების მიღება სატელეფონო ზარებით იქნება შესაძლებელი. საირიგაციო სისტემების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და FAO-ს სპეციალისტები, პროგრამის ბენეფიციარებს ინფორმაციის გაზიარების გზით დაეხმარებიან.

აღნიშნული საგრანტო პროგრამა, ENPARD-ის ფარგლებში, 2019 წლიდან მიმდინარე 19.2 მილიონი ლარის მოცულობის საგრანტო ინიციატივის ნაწილია, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ სასოფლო-სამეურნეო გრანტებზე გამოყოფილი თანხიდან უკვე განხორციელდა 2.2 მილიონი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ტრაქტორებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურების მოწყობის უზრუნველსაყოფად. მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა