მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FAO: სურსათის მსოფლიო ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

625298743d577
მარიამ ადამია
11.04.22 23:00
1201

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში, წლიურად, სურსათზე ფასები მარტში 33,6%-ით გაიზარდა. 1990 წლის, ანუ FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის შექმნის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელი, მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ის დამატებით, კიდევ 12,6%-ით გაიზარდა.  

უფრო კონკრეტულად, მარცვლეულის ფასების ინდექსი, გასულ თვეში, თებერვალთან შედარებით, 17,1%-ით მეტი იყო. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში, რუსეთი და უკრაინა ხორბლის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 30%-ს და სიმინდის მსოფლიო ექსპორტის 20%-ს შეადგენდნენ, შესაბამისად, ხორბლის მსოფლიო ფასი, მიმდინარე პროცესების გამო, თვის განმავლობაში 19,7%-ით გაიზარდა, რასაც  ასევე შეერთებულ შტატებში მოსავლის შემცირებამ შეუწყო ხელი. სიმინდის ფასი კი, თვეში 19,1%-ით გაიზარდა. 

გარდა ამისა, მზესუმზირის ზეთის კვოტირების ზრდის გამო, მცენარეულ ზეთზე ფასებმა 23,2%-ით მოიმატა და ეს ეხება ასევე პალმისა და სოიოს ზეთის ფასსაც. რაც შეეხება შაქარს, მისი ფასის ინდექსის საშუალო ღირებულება, თებერვალთან შედარებით, 6,7%-ით, ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა. FAO ამის მთავარ მიზეზად ნედლი ნავთობის ფასების ზრდას და ბრაზილიური რეალის გაუფასურებას ასახელებს. 

ხოლო ხორცის ფასი, მარტში 4.8%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია. როგორ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განმარტავს, მიზეზი დასავლეთ ევროპაში სასაკლაო ღორების დეფიციტია. მსოფლიო ფასები ასევე გაიზარდა  ფრინველის ხორცზეც, რაც წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნებიდან მიწოდების შემცირებითა და ფრინველის გრიპის გავრცელებითაა გამოწვეული. 

რაც შეეხება რძის პროდუქტების ფასების ინდექსს, მისი საშუალო ღირებულება გასულ თვესთან შედარებით  2.6%-ით, წლიურად კი,  23.6%-ით გაიზარდა. ინფორმაციისთვის, FAO-ს ინდექსი გლობალური ფასების რყევებს ყოველთვიურად აკონტროლებს და ყველაზე პოპულარული საკვები პროდუქტების ფასებს ითვლის.