მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კითხვები აქვს სამშენებლო სექტორს პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამაზე

620a5a46c4789
მარიამ ვარადაშვილი
14.02.22 21:40
1253
დღეს პრემიერ-მინისტრმა ახალი პროგრამა დააანონსა, რომლითაც მშენებლობის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსება არ გამოიყოფა და მის სანაცვლოდ მშენებლობას ბანკები დააფინანსებენ. საუბარია, ხელშეკრულებების გაფორმებაზე სამშენებლო კომპანიებთან, სადაც დამკვეთი სახელმწიფო იქნება, თანხას კი ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის კომპანიები რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ. ამ კრედიტებს გარანტორი მთავრობა იქნება, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიას დაფინანსებას განვადების გზით გადაუხდის.

“დეველოპერებს ექნებათ გარანტირებული დაკვეთა, ხოლო ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას”, - აცხადებს პრემიერი.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი, ანა საბახტარიშვილი ამბობს, რომ ან ინიციატივის მოსმენის შემდეგ ბევრი კითხვა აქვთ. უმთავრესად პირობებთან დაკავშირებით. კერძოდ, რა ვალუტაში, რა ვადიანობით უნდა გაიცეს სესხი და ა.შ.

“გარკვეული კითხვები თავად სექტორსაც გაუჩნდება. პირველ რიგში ალბათ ის რა პირობები იქნება. მომზადებული პროექტი გამოვა და შემდგომ ამ პროექტზე ჩატარდება ტენდერი თუ თავად კომპანიამ უნდა შესთავაზოს სახელმწიფოს პროექტი. პრემიერმა კონკურენცია ახსენა ამიტომ, საინტერესოა კომპანიების შერჩევა რა პრინციპით მოხდება. მაგრამ ალბათ მთავარი, რაზეც მთავრობამ სექტორთან ერთად უნდა იმსჯელოს მათ შორის საბანკო სექტორთან, სესხის პირობებია. ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს, რომლებიც საკმაოდ რთული კრიზისის წინაშე დგანან, შესაძლოა გაუჭირდეთ სესხის მიღება და თანაც კარგი პირობებით. მეორე საკითხია რა ვალუტაში იქნება ეს სესხები. თუ ვსაუბრობთ ამ თანხის განაწილებაზე, აქ მნიშვნელოვანია, რა ვალუტით უნდა აიღონ მათ სესხი. თუ დოლარში აიღებენ, მაშინ ამ შემთხვევაში სავალუტო რისკებია გასათვალისწინებელი. თუ ლარში იქნება, მაშინ აქ მნიშვნელოვანია მოგების მარჟა, რომელიც დააბალანსებს გაძვირებულ საპროცენტო ხარჯს”, - ამბობს საბახტარიშვილი.

ამის გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ფოქრობს, რომ მთავრობამ ამ პროგრამის პირობები როგორც საბანკო, ასევე სამშენებლო სექტორთან დეტალურად უნდა გაიაროს, რათა ის ეფექტი მიიღოს, რაზეც პრემიერი მთავრობის სხდომაზე საუბრობდა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობას ამ პროექტზე კონსულტაცია სამშენებლო სექტორთან არ გაუვლია და მხოლოდ ცალკეულ კომპანიებს ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია.

“როგორც გავიგე, ამ გზით დამატებითი რესურსები მოიძებნება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს უფრო კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელია, რომელიც კომპანიისთვის დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რისკები დამატებითი მოგებით უნდა დაბალანსდეს. კერძოდ, თუ აქამდე ვსაუბრობთ მიზერულ მოგებაზე, რომლის გამოც სამშენებლო კომპანიები ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას და ვაჭრობას, ისინი მაქსიმუმ 8%-იანი მოგებიდან იწყებდნენ და რეალურად ეს მარჟა მცირდებოდა. აქ შესაძლოა ეს საკმარისი არ იყოს, რადგან რისკი გაცილებით მაღალია. ანაზღაურება გაწელილია დროში, ხოლო სამშენებლო სამუშაობს სრულად საკუთარი, მოზიდული ფინანსებით ახორციელებს კომპანია. შესაძლოა გარკვეული კომპანიებისთვის ეს უფრო მომხიბვლელი იყოს, თუმცა მას თან უნდა ახლდეს შესაბამისად გაზრდილი მოგება რისკის დასაბალანდებლად”,-ამბობს საბახტარაშვილი.

"2-3 წელში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა განსახლების საკითხს" - მინისტრი 500 მლნ–ის უძრავი ქონების განვადებით ყიდვაზე საუბრობს