31.მარტი .2020 22:00

ფაქტობრივი კარანტინის პერიოდში თანამშრომლების გადაადგილებას "კარფური" თავად უზრუნველყოფს

views 727
უკან

გამკაცრებული საგანგებო რეჟიმის პერიოდში „კარფური“ თანამშრომელთა ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფს - ამის შესახებ BM.GE-ს „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო რამიშვილმა დაუდასტურა.

„ვმუშაობთ გარკვეულ ტექნიკურ დეტალებზე, რომ რეგლამენტის მიერ დადგენილი არცერთი პუნქტი არ დაირღვეს, გვქონდეს ყველა შესაბამისი ცნობა თუ საბუთი“, - აღნიშნავს ნინო რამიშვილი.

ამასთან, როგორც ნინო რამიშვილი განმარტავს, თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის პრაქტიკა „კარფურში“ ზოგადადაც არის დამკვიდრებული, რაც ძირითადად იმ თანამშრომელთა გადაადგილებას ეხებოდა, რომლებიც სამსახურს გვიან ასრულებდნენ. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე კი, საჭირო გახდა დამატებითი რესურსისა და მეტი ტრანსპორტის გამოყენება, ასევე სამუშაო საათების კორექტირება.

ნინო რამიშვილის თქმითვე, „კარფური“ ტრანსპორტირების თვალსაზრისით, კომპანია „ვია ჯორჯიასთან“ თანამშრომლობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისა და ნებართვისთვის, თბილისის მერიასთან დაკავშირებასაც არ გამორიცხავენ.

რაც შეეხება სამუშაო საათებს, გამკაცრებული საგანგებო რეჟიმის პერიოდში, „კარფურის“ ჰიპერმარკეტები 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებენ, სუპერმარკეტები კი - 10:00-დან 19:00-მდე.