06.აგვისტო .2022 10:00

ფაქტორები, რომლებიც ნავთობის ფასის შემცირებას იწვევს

ფაქტორები, რომლებიც ნავთობის ფასის შემცირებას იწვევს
views 1533
უკან

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობის ფასი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. 4 აგვისტოს ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 3%-ით, 93-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა, თუმცა 5 აგვისტოს ვაჭრობაზე პოზიციები ნაწილობრივ აღდგა და ამ დროისათვის 1 ბარელი Brent-ისს მარკის ღირებულება 94 დოლარს აჭარბებს. რამ განაპირობა ბირჟებზე ფასების შემცირება, ამის შესახებ „საქმის კურსში“ Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა, ნიკა მაზანაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ფასების ვარდნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა ამერიკაში რეცესიის პროცესები.

„ნავთობის ფასების ასეთი ვარდნა რეცესიის გაზრდილ მოლოდინებთანაა დაკავშირებული. ამერიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ მშპ-ის ზედიზედ მეორე კვარტლის კლება გამოცხადდა, რაც ტექნიკურად იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკის ეკონომიკა რეცესიაშია. არის მოლოდინი, რომ რეცესია შეიძლება გაუარესდეს კიდეც. ამავდროულად ფედერალური რეზერვი აგრძელებს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რაც ამერიკაში ეკონომიკურ აქტივობას შეამცირებს. შესაბამისად არის მოლოდინი რომ რეცესიის ფონზე, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება. ამასთან, წინა კვირაში განსაკუთრებით ნავთობის ფასის ვარდნა დაიწყო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ნავთობის რეზერვები საკმაოდ გაზრდილი იყო, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო ასევე ინვესტორებისთვის, შეექმნათ მოლოდინი, რომ ნავთობის ფასი კიდევ ქვემოთ წამოვიდოდა.

ნავთობის ფასზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს. მაგალითად, ჩინეთის შემთხვევაში არცთუ ისე კარგი ეკონომიკური სურათია. ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მოლოდინებიც შემცირებულია. ამავდროულად, კოვიდს მცირე გამოვლინებისთანავე სხვადასხვა ქალაქის ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ამცირებს ნავთობის მოხმარებას. ჩინეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია“, - განმარტა ნიკა მაზანაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში საწვავის ფასებზე გლობალური ტენდენციების გავლენას, Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასებზე დაახლოებით 1-1.5 თვეში აისახება.

მოსალოდნელია თუ არა უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასის შემცირება? - ვანო მთვრალაშვილის განმარტება

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა