მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი რეგულაციების შემოღება RIA-ს გარეშე არასწორი იქნება - ლევან ვეფხვაძე

61a0ece396df3
მარიამ ვარადაშვილი
26.11.21 21:51
624

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესები და ფარმაცევტული სექტორის რეგულირების გეგმა ერთმანეთის მსგავსია.

“ძალიან ჰგავს ის პროცესები, რომლებიც ახლა ენერგეტიკაში გვაქვს და გავდივართ იმას, რასაც შესაძლოა ვაპირებდეთ ფარმაცევტულ და ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში. ენერგეტიკაში ე.წ განცალკევების პროცესი მიმდინარეობს. ანუ წარმოება, გენერაცია, გადაცემა და დისტრიბუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყოს. აქედან გამომდინარე, გარკვეული გამოცდილება გვაქვს და თუ მთავრობა რაღაც ტიპის რეგულაციას ჯანდაცვის სისტემაშიც აპირებს, შეგვიძლია ეს გამოცდილება გავუზიაროთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან საუბარი იმაზე კი არ იყო რა სწორია და არასწორი, არამედ იმაზე რომ, თუ ვსაუბრობთ ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბიზნესსტრუქტურების დაშლაზე, ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს”, - განაცხადა ვეფხვაძემ “ანალიტიკას” ეთერში.

მისივე თქმით, ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ გუშინ გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ფარმაცევტულ სექტორში დაგეგმილი რეგულაციების გავლენის შეფასება (RIA) ითხოვა, რათა რეგულაციის გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდეს.

“თუ ვსაუბრობთ რომ წამლის ფასი მაღალია და ამის მიზეზი შესაძლოა იყოს კონკრეტული კომპანიების ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად ინტეგრირება, მაშინ უნდა ვნახოთ ამ ინტეგრაციის დაშლის შემდეგ ხომ არ გამოიწვევს სხვა ტიპის რყევებს ბაზარზე. გამოიწვევს თუ არა კონკურენციის ზრდას და ფასის შემცირებას, ანუ ამ კუთხით მივაღწევთ თუ არა შედეგს. შეფასების გარეშე ამის გაკეთება ალბათ არასწორი იქნება”,-აცხადებს ვეფხვაძე.

მან ასევე ისაუბრა კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ მომზადებულ ანგარიშზე, სადაც მისი თქმით, კომპანიების მხრიდან 100%-იანი მოგების მარჟებზე საუბარი არ ყოფილა.

“სხვათაშორის ამ დასკვნამ წარმოაჩინა ის რომ ფარმაცევტულ კომპანიებს არ აქვთ 100%-იანი მარჟები. ეს ამ დასკვნაში არ წერია. შევთანხმდეთ რომ ის მითოლოგიური 100%-იანი მოგების მარჟები, რაც საზოგადოებაშია გავრცელებულია, რეალობასთან ახლოს არ ყოფილა”, - ამბობს ვეფხვაძე.