მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფარმაცევტულ წარმოებაში დასაქმებული 2 500 ადამიანიდან 1 500 უმუშევარი დარჩება“ - ასოციაცია

636e4fd644fe5
ელენე გოგბერაშვილი
11.11.22 23:30
1231
„ფარმაცევტულ წარმოებაში დასაქმებული 2 500 ადამიანიდან 1 500 უმუშევარი დარჩება“ - ამის შესახებ bm.ge-სთან ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან გოგიბერიძე აცხადებს. GMP-ის, იგივე კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ ბაზარზე მოქმედი 51 ფარმაცევტული საწარმოდან 38-ს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციის უფლება უკვე შეუჩერა.

ეს შეზღუდვა 2025 წლამდე არ ეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ, თუმცა ასეთი იმ 38 კომპანიას შორის ძალიან ცოტაა.

როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამ კომპანიებს ნაშთების რეალიზაციისთვის სამინისტრომ კონკრეტული დრო მისცა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების დიდი ნაწილი წარმოებას გააჩერებს. არ არის გამორიცხული გარკვეული სეგმენტის მედიკამენტები, რომელსაც ეს კომპანიები აწარმოებდნენ, ბაზრიდან გაქრეს, რადგან როგორც ლევან გოგიბერიძე განმარტავს, მსხვილი კომპანიებისთვის ამ სეგმენტის პრეპარატების წარმოება არარენტაბელური შეიძლება იყოს.

„ამ ეტაპზე წარმოება შეჩერებულ იურიდიულ პირებს აქვთ საშუალება, გამოშვებული სერიები გაყიდონ 2023 წლის 1 მარტამდე, ხოლო 1 მარტის შემდეგ მათ ეზღუდებათ რეალიზაციის უფლება. დღეს უკვე გარკვეული ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოებული პროდუქციის დეფიციტი იგრძნობა, თუმცა ბაზარი არ იქნება ისე, რომ არ შეივსოს პროდუქტით, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს არ იქნება ადგილობრივი პროდუქცია და შემოვა სხვა ქვეყნებიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მწარმოებლების დიდი უმრავლესობა მუშაობდა ისეთ სეგმენტზე, რომელიც ხელმისაწვდომი იყო, თუნდაც ფასების მიხედვით ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს ნაკლებად მომგებიან ბიზნესად შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ რამდენად დაინტერესდებიან უცხოური კომპანიები, რომ აქ ჩაანაცვლონ დაბალფასიანი ეს სეგმენტი ესეც საკითხავია. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროდუქცია უნდა იყოს ნაწარმოები GMP სერთიფიკატის მქონე ქარხნებში, ასეთი სერთიფიკატის მქონე ქარხნებისთვის არარენტაბელურია ასეთი დაბალფასიან სეგმენტზე მუშაობა“,- განმარტავს ლევან გოგიბერიძე.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რამდენიმე მწარმოებლის გაერთიანებაა. როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, წლის ბოლომდე მათი წევრი 20-სზე მეტი კომპანიიდან GMP-ზე გადასვლას მხოლოდ ორი მოახერხებს.

„არის გაერთიანების ჩამოყალიბების გეგმა, რომ რამდენიმე კომპანია გაერთიანდეს და შეძლონ ამ სტანდარტის დაკმაყოფილება. ეს რა თქმა უნდა წლის ბოლომდე ვერ მოესწრება, რადგან მცირე დროა დარჩენილი, ამიტომ წლის ბოლომდე ჩვენი ასოციაციის წევრი მაქსიმუმ 2 კომპანია დააკმაყოფილებს სტანდარტს“,- აცხადებს გოგიბერიძე.

ფარმაცევტული საწარმოებისთვის GMP სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა. ბიზნესს ახალ სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება იმ კონკრეტული თვიდან წარმოეშობათ, რა დროსაც საქმიანობის ნებართვა აქვთ მიღებული.
ამ ეტაპზე ქვეყანაში GMP სტანდარტს მხოლოდ სამი საწარმო: ავერსი ფარმა, PSP ფარმა და GM ფარმა აკმაყოფილებს.