07.დეკემბერი .2021 23:00

ფარმაკომპანიების მოგების შუალედური მარჟები მთლიანობაში მაღალი არაა - ლექვინაძე

ფარმაკომპანიების მოგების შუალედური მარჟები მთლიანობაში მაღალი არაა - ლექვინაძე
views 600
უკან

„არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია“, - პრემიერ-მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს გაკეთებულ ამ განცხადებას კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის სამწლიანი მონიტორინგის შუალედურმა ანგარიშმა პირდაპირ პასუხი ვერ გასცა, თუმცა როგორც bm.ge-სთვის გახდა ცნობილი, კომპანიების მოგების მარჟებზე საუბარი სააგენტოს დასკვნით ანგარიშში იქნება, რომელსაც ირაკლი ლექვინაძის უწყება მთავრობას და საზოგადოებას თვის ბოლოს წარუდგენს. მედიკამენტების 6 ჯგუფის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით კი, ირაკლი ლექვინაძე ჩვენთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ კომპანიების შუალედური მოგების მარჟა მთლიანობაში მაღალი არ არის.

„ფასნამატები არის საკმაოდ კონტრასტული. ის იწყება 7%-დან და შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული პროცენტიც კი, თუმცა თუ შევხედავთ კომპანიების შუალედურ მარჟებს, ის მაღალი მთლიანობაში არ არის და ეს ფინანსურ ანგარიშებშიც არის ასახული, მაგრამ ჩვენი ანგარიშის აქცენტი, ამოცანა და მიზანი არის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალაქეს დანახარჯი შეუმცირდეს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე პრობლემას მხოლოდ კომპანიების ჰოლდინგურ მოწყობაში არ ხედავს, რაზეც სააგენტოს რეკომენდაციებს შორის მთავრობის მეთაური ყველაზე მეტ აქცენტს აკეთებს. ირაკლი ლექვინაძე იმ წინაპირობებზე საუბრობს, რისი გადაწყვეტის შემდეგ უნდა დადგეს დღის წესრიგში კომპანიების ჰოლდინგური სტრუქტურის დაშლის საკითხი.

„დღეს ბაზარზე გვყავს დომინანტი კომპანიები და ეს არის მოცემულობა. სამი უმსხვილესი კომპანია აკონტროლებს ბაზარს. მეორე - გვყავს ჰოლდინგური სისტემები და დღევანდელ მოცემულობაში ჰოლდინგური სისტემები უფრო მეტად ატარებს კომერციულ ინტერესს, ბიზნესინტერესს, ვიდრე თითოეული მოქალაქისთვის საუკეთესო არჩევანის და მისთვის მისაღები ფასით მედიკამენტების შესყიდვის საშუალებას.

ბაზარზე პრაქტიკულად მოშლილია რეცეპტის და დანიშნულების სისტემა და მისი კონტროლის მექანიზმები, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მთავარს, იმისთვის, რომ ბაზარი გაიხსნას და გახდეს უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული, რისი შედეგიც იქნება, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუმცირდება დანახარჯები მედიკამენტებზე, საჭიროა რეცეპტი იყოს ელექტრონული და ჯენერიკული.

ამის შემდგომი მთავარი რეკომენდაციაა ხარისხობრივი სტანდარტების შემოღება. იაფი მედიკამენტი არ უნდა ნიშნავდეს უხარისხო მედიკამენტს. ამის შემდგომი რეკომენდაციაა მკაცრი კონტროლი ამ სისტემაზე, რაც გულისხმობს ელექტრონულ და ჯენერიკულ რეცეპტს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტი, რომელიც მოქალაქეებზე ნეგატიურად აისახება.

ჩვენ ამის შემდეგ ვხედავთ ჰოლდინგური სისტემების შეფასების ნაწილს. დღევანდელ მოცემულობაში ვამბობთ, რომ ჰოლდინგური სისტემები ატარებს კომერციულ ინტერესს და მოქალაქეს უწევს ჯიბიდან ბევრად მეტის გადახდა, ვიდრე მას მოუწევდა იმ შემთხვევაში, როცა ბაზარი იქნებოდა გახსნილი, თუმცა რეცეპტის და დანიშნულების პოლიტიკის ცვლილების შემდეგ მნიშვნელოვანია შეფასდეს ჰოლდინგი რჩება ბიზნესინტერესის მატარებლად, თუ მას აქვს უფრო მეტად მოქალაქეზე ორიენტირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

მიდგომები უნდა იყოს სისტემური და 11-ვე რეკომენდაცია აისახოს კანონმდებლობაში, რომ ცალკე აღებული რომელიმეს გაკეთებამ არ გააფუჭოს მთლიანობაში რეფორმა“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

რას წერს ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელ ახალ კანონმდებლობაში, საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ არ არის. როგორც პრემიერი ამბობს, დოკუმენტი პარლამენტს მიმდინარე თვეში წარედგინება.

კერძო სექტორს იმედი აქვს, რომ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა