07.თებერვალი .2023 19:00

ფარმასექტორმა მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე სამინისტროს პოზიციები წარუდგინა

ფარმასექტორმა მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე სამინისტროს პოზიციები წარუდგინა
views 591
უკან

მიმდინარე წლის 15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. ფარმაცევტულ კომპანიებს 31 იანვრამდე ჰქონდათ ვადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე განსაზღვრულ რეფერენტულ ფასებზე შენიშვნები გადაეგზავნათ.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობს, თუმცა იცის, რომ კომპანიებმა ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები გადაუგზავნეს.

„15 თებერვლამდე არის განხილვის პერიოდი, რის შემდეგაც, ან გამოცხადებული ფასები შევა ძალაში, ან კორექტირება იქნება. ვიცი, რომ გარკვეული რაოდენობის კომენტარები, შესწორებები, შენიშვნები, მოსაზრებები შესულია სამინისტროში, ძირითადად დისტრიბუტორების მხრიდან, მაგრამ რაიმე ოფიციალური სიახლე არ გვაქვს. ზოგიერთ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მეთოდოლოგიაში არის კორექტივები შესატანი, აქ ჩნდება კითხვები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რაიმე გადაუჭრელ პრობლემებზე საუბარი არ არის, სამუშაო რეჟიმშია პროცესი, თუმცა „ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სამინისტროზე, თუ რამდენად მიიღებენ ინფორმაციას, დაამუშავებენ და რა პასუხებით დაუბრუნდებიან სექტორს 15 თებერვლის შემდეგ“.

კითხვაზე, რამდენად ასწრებენ ფარმაცევტული კომპანიები გადაწყობას ახალ რეჟიმზე, რამდენად ახერხებენ თუნდაც ნაშთები მოარგონ რეფერენტულ ფასებს, მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე უფრო რელევანტური იქნება კითხვები დაისვას დისტრიბუტორებთან, რადგან მათთან ცალკე მიდის კომუნიკაცია.

რაც შეეხება ფასებს, როგორც მარგველაშვილი ამბობს, რიგ შემთხვევაში [რეფერენტული ფასები] არის არალოგიკური. „შესაძლოა, რეფერენტული ფასის დადგენისას გამორჩათ რიგი ფაქტორები და ეს უნდა დადგინდეს მსჯელობის შედეგად“, - განმარტავს ის.

რაც შეეხება რეფორმის საბოლოო შედეგს, მარგველაშვილის თქმით, საბოლოოდ, რეფორმის წარმატების შესაფასებლად მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტებზე ფასებმა დაიწიოს და წამლები არ გაქრეს ბაზრიდან.

„რეფორმის ბოლომდე გასვლა ნიშნავს, რომ მთელ ფარმაცევტულ დარგზე უნდა გავრცელდეს ეს პროცესი, ციფრებში კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 16 ათასი დასახელების მედიკამენტზე უნდა დაწესდეს რეფერენტული ფასი. ფარმაცევტულ პროდუქტზე ბევრი ქვეყანა არეგულირებს ფასებს, ბევრი არ არეგულირებს. რაც შეეხება შეფასებას, რეფორმა წარმატებული იქნება თუ არა, ასე ვუპასუხებ, წარმატება იქნება, ფასმა დაიწიოს და წამლები არ გაქრეს, ან არ ჩანაცვლდეს ბაზარზე. ეს არის მიზანი და არა ის, რომ მხოლოდ ხარჯი შემცირდეს“, - თქვა მარგველაშვილმა.

bm.ge ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც აცხადებენ, რომ შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები უწყებაში ნამდვილად წარდგენილია, საბჭო იმსჯელებს და კომპანიებს საკითხების განხილვისთანავე დაუბრუნდებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა