მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასდაკლება აცრილი მომხმარებლისთვის - რესტორნების ასოციაციის ინიციატივა

60929eb4f201c
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 17:45
5069
ტურიზმის დარგში მოქმედი ასოციაციის ხელმძღვანელები დღეს ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მედეა ჯანიაშვილს შეხვდნენ. მთავარი თემა დარგში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია იყო.

როგორც რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ინდუსტრიაში დასაქმებული პირების ვაქცინაცია 3 დღეში დაიწყება, აცრის მსურველები კი რეგისტრაციას ხვალიდან სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეძლებენ.

გარდა ამისა, შოთა ბურჯანაძე გამოვიდა ინიციატივით, რომელიც აცრილი მომხმარებლის წახალისებას გულისხმობს. 

"ისინი ვინც აიცრებიან, გარკვეულ ბენეფიტებს მიიღებენ როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო კომპანიებისგან. ჩემი ინიციატივა იყო, რომ კონკრეტულად, რესტორნების შემთხვევაში, აცრილ მომხმარებელს, იქნება ეს რესტორნებში დასაქმებული პირი თუ სხვა მოქალაქე, გარკვეული ფასდაკლება შევთავაზოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს, ბენეფიტების იდეა არსებობს და ისინი ამ ბენეფიტებზე მუშაობენ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სექტორისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია და მათ მინისტრთან ეს საკითხიც დააყენეს.

„იმ შემთხვევაში თუ "კომენდანტის საათი" და შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვები არ მოიხსნება, ვაქცინაციას აზრი არ ექნება. სახელმწიფო ამ საკითხებზე დადებით პასუხს გვაძლევს და გვეუბნება, რომ ამ საკითხებზე მუშაობენ, თუმცა შედეგი ყოველთვის იმაზე მეტის მთქმელია, ვიდრე ვინმე რაიმე განცხადებას გააკეთებს“, - აღნიშნა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითხსაც შეეხო. „თუ შეგვიძლია ადამიანი მივიღოთ თვითმფრინავით, რატომ არ შეგვიძლია მათი მიღება სახმელეთო გზითაც, თუნდაც ის მოქალაქეები, ვინც აცრილები არიან?! ამაზეც გვეუბნებიან რომ მუშაობენ. იმდენად დიდხანს ფიქრობენ, რომ კონკრეტულ საკითხების გადაწყვეტისას პასუხი აგვიანდებათ“, - ამბობს შოთა ბურჯანაძემ.