მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასდაკლებები და უფასო სერვისები - რას სთავაზობდა ბიზნესი მთავრობას აცრილი მოქალაქეებისთვის?

60fef1a52723c
ელენე გოგბერაშვილი
27.07.21 00:00
1214
ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არც ისეთი მაღალია, როგორიც მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემთხვევაში მთავრობის გათვლებით უნდა ყოფილიყო. ბოლო მონაცემებით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ 139,756 პირია ორჯერადად აცრილი.

საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდან დიდი ხანია გვესმის, რომ მთავრობა იმუნიზაციის წამახალისებელ მექანიზმებს გამოიყენებს, თუმცა მოქალაქეთა ვაქცინაციის მასტიმულირებელი გადაწყვეტილებები ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი და რესტორან „სტეიკ ჰაუსის“ მფლობელი, შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ აცრილი პირების წამახალისებელი გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ ორი თვის წინ შესთავაზეს მთავრობას, თუმცა მათი ინიციატივები ამ დრომდე არ დაძრულა.

„ჩვენ მიერ იქნა შეთავაზებული, რომ ვაქცინირებული პირები, საუბარია სტუმრებზე, მიეცეთ გარკვეული ბენეფიტი, იქნება ეს ფასდაკლება თუ რაიმე სხვა, ამას მოიფიქრებდა ბიზნესი, სახელმწიფოს მხრიდან კი სახელმწიფო სერვისები უნდა ყოფილიყო ფასდაკლებით ან უფასო. გვითხრეს, რომ ამაზე მუშაობდნენ, მაგრამ მას შემდეგ ორი თვე გავიდა და გადაწყვეტილება არაა მიღებული. მაშინ გვითხრეს, რომ იმდენად დაბალი იყო აცრილთა რაოდენობა, რომ რაიმე შეღავათის შემოღება იქნებოდა მიკერძოება. პრაქტიკულად ეს საკითხი არ დაძრულა, თეორიულად, ვინ რას ფიქრობს არ ვიცი“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, საფრანგეთში კაფე-ბარებსა და რესტორნებში მხოლოდ აცრილი პირები დაიშვებიან. აგვისტოდან მსგავსი მექანიზმი ამოქმედდება იტალიაშიც. ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ ასეთი მექანიზმი საქართველოშიც ამოქმედდება, ეს აუცილებლად დააჩქარებს იმუნიზაციის პროცესს.

„არ ვიცი რამდენად გაამართლებს ეს, მაგრამ თუ ყველა ბიზნესი ჩაერთვება, ეს დამატებითი ბიძგი იქნება მოქალაქეებისთვის აიცრან. მე, როგორც ერთი ბიზნესი ვამბობ, რომ ჩემს ობიექტებზე აცრილი პირები ბენეფიტს მიიღებენ, ხოლო აუცრელების ობიექტებზე არდაშვება კერძო სექტორის მხრიდან სწორი არ იქნება. სახელმწიფო უნდა იყოს ამ პროცესის მარეგულირებელი", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.