მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასდაკლებული ტარიფი აზერბაიჯანიდან შესყიდულ 200 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეეხება

5fdb7a9c7b432
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.20 22:30
1143
დღეს, საქართველოსა ეკონომიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოში სოციალური გაზის ტარიფს შეამცირებს. განახლებული გაზის ტარიფი SOCAR-ისგან შესასყიდი 200 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გავრცელდება. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ეს ბუნებრივი აირი მოსახლეობისთვის და თბოელექტროსადგურებისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ Socar Georgia-ს პრეზიდნეტმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, აზერბაიჯანმა საქართველოსთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სოციალური ბუნებრივი აირი შეღავათიან ფასად მიაწოდოს.

„დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ამ შეთანხმების ვადის პერიოდში ჩვენს თანამშრომლობას განსაზღვრავს. ამ დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანი იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს შიდა სოციალურ ბაზარს გაზი შეღავათიანი ტარიფებით მიაწოდოს. ბუნებრივი აირის დაბალი ტარიფი სოციალურ ფენას - საქართველოს მოქალაქეებს მეტ კომფორტს შეუქმნის და ასევე მისცემს სახელმწიფოს შესაძლებლობას ბუნებრივი აირის დაბალი სოციალური ტარიფები შეინარჩუნოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უცვლელია საქართველოში და მოსახლეობის კეთილგანწყობას იწვევს“, - განაცხადა მაჰირ მამედოვმა.

საქართველო მოსახლეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ აირს, ანუ ე.წ. “სოციალურ გაზს” სოკარისგან ისედაც შეღავათიანი ტარიფით ყიდულობდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ამ ბუნებრივი აირიდან 200 მილიონ კუბურ მეტრზე შესასყიდი ტარიფი კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

2019 წელს საქართველომ ჯამურად 2.6 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირი მოიხმარა, აქედან უშუალოდ მოსახლეობის მოხმარება 1 მლრდ კუბური მეტრი იყო. ეს ბუნებრივი აირი ცალკეული წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:

• აზერბაიჯანი (SOCAR) - 1.23 მილიარდი კუბური მეტრი;
• აზერბაიჯანი (სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კონსორციუმი) - 1,19 მილიარდი კუბური მეტრი;
• რუსეთის ფედერაცია - 162 მილიონი კუბური მეტრი.

შესაბამისად, ფასის შემცირება შეეხება საქართველოში მოხმარებული გაზის 7.7%-ს, ხოლო უშუალოდ მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის 20%-ს.

სხვადასხვა კატეგორიის ბუნებრივი აირის შესასყიდი ღირებულება განსხვავებულია. ყველაზე დაბალი სწორედ მოსახლეობისთვის გათვალისწინებული “სოციალური გაზის” ფასია. ამ ბუნებრივ აირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (GOGC) ყიდულობს, რასაც შემდგომში გამანაწილებელ კომპანიებზე ყიდის. თავად GOGC-ის მიერ შესყიდული გაზის ტარიფის ღირებულება კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა ცნობილია რა ფასად ყიდის კორპორაცია “სოციალურ გაზს” გამანაწილებელ კომპანიებზე.

“სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით,”- ნათქვამია სემეკ-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

სემეკის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მისაწოდებელი "სოციალური გაზის" ტარიფები ასეთია:

•"სოკარ ჯორჯია გაზის" და “საქორგგაზის” ქსელში 92.25 დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე;
• თბილისი ენერჯის ქსელში 103.7 დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.