მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასების 30%-ით გაზრდა მოგვიწია“ - რა პირობებით იხსნებიან ბავშვთა გასართობი ცენტრები

6063400e366c8
თათია ჩაფიჩაძე
31.03.21 10:15
843
1-წლიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ ხვალიდან ქვეყანაში ბავშვთა გასართობი ცენტრები იხსნებიან. სექტორში აცხადებენ, რომ ამ დროის განმავლობაში მათი რაოდენობა განახევრდა და ახლა 50-ით განისაზღვრება. გაზრდილი კომუნალური ხარჯისა და გაძვირებული პროდუქტების გამო კი, ისინი მუშაობას 30%-ით გაზრდილი ფასებით იწყებენ, თუმცა რამდენად გაწვდება ეს ხარჯებს, 1-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოჩნდება, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ქვეყანაში შეზღუდვების ახალი ნაკადი არ ამოქმედდა.

ცენტრების მფლობელები ამბობენ, რომ პირველი ჯავშნები უკვე არსებობს, თუმცა „კომენდანტის საათის“ არსებობისა და შაბათ-კვირის შეზღუდვის გამო, ბიზნესი შემოსავლების 30%-ის მიღებას პროგნოზირებს.

ბავშვთა გასართობ ცენტრ „ქენდი ლენდიში“ ამბობენ, რომ ბიზნესს საქმიანობის დაწყება თითქმის ნულიდან უწევს, ვინაიდან 13-თვიანი გაჩერების გამო პრობლემაა როგორც - ფინანსების, ისე კადრების მოძიების მიმართულებითაც.

„ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი; ნულიდან ვიწყებთ ამ ყველაფერს. ბევრი ისეთი დაბრკოლება დაგვხდა, რომელსაც არ ველოდით, იგივე პერსონალის მიმართულებით. 1 წლის განმავლობაში ძნელია კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, ობიექტები ამდენი ხანია დაკეტილია და რესურსი, ცხადია, აღარ იყო. ვემზადებით, რომ გაწერილი რეკომენდაციების დაცვით ვიმუშაოთ, ჩვენი თავის მტრები ხომ არ ვართ?! ყველაფერს შევასრულებთ ისე, როგორც საჭიროა. ცხადია, „კომენდანტის საათის“ არსებობა ართულებს ვითარებას, ჯავშნები უმეტესად 18 და 20 საათზე იყო, ასევე დიდი დანაკარგია შაბათ-კვირა, თუმცა იმედი გვაქვს, ვითარება დასტაბილურდება, მაგრამ მეორე მხრივ, იმასაც ვაკვირდებით, რომ ეპიდვითარება რთულდება და თუ ამ რესურსის გაწევის შემდეგ კიდევ მოგვიწია დაკეტვა, გაცილებით უარესს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით; ისედაც საკმაოდ მწარე რეალობაში შემოვედით, კომუნალურებისა თუ პროდუქტების გაძვირების გამო ფასების დაჭერა, ცხადია, ვერ შევძელით. აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა, რაც ლარის კურსის გათვალისწინებით ლოგიკურია, ამიტომ ჩვენ ფასების ზრდა საშუალოდ 30%-ით მოგვიწია“, - განუცხადა BMG-ს „ქენდი ლენდის“ დამფუძნებელმა გიორგი ხარებაშვილმა.