მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების დაფიქსირებაზე ან მარჟების დარეგულირებაზე საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა - ლექვინაძე

63f4d179e6da3
ინგა მურუსიძე
21.02.23 23:55
1102
არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი ფასების დაფიქსირებაზე, ან მარჟების დარეგულირებაზე, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე თქვა, რომ ევროდირექტივის მიხედვით შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც საკითხს დაარეგულირებს.

BM.GE-ს კითხვაზე, - იქიდან გამომდინარე, რომ ევროდირექტივა ადგილობრივ პროდუქტს ეხება, რა ფორმით გავრცელდება ის იმპორტირებულ პროდუქციაზე, ლექვინაძე პასუხობს:

„ევროდირექტივა ეხება როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ასევე ძირითადი სასურსათო პროდუქტების მიმწოდებლებსა და საცალო რეალიზაციის ქსელებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას, აქ ეგრე გამიჯნული წარმოება, ან იმპორტირებული პროდუქცია ცალსახად არ არის. კი ბატონო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეიძლება ადგილობრივი წარმოებისაც იყოს, თუმცა ძირითადი სასურსათო პროდუქტები, რომელიც ფართო მოხმარების არის, ამ დირექტივის არეალში ხვდება და ყველა ქვეყანაში, რომელიც მსგავს დირექტივაზე დაყრდნობით მოქმედებს და შექმნილი აქვს რეგულირების ჩარჩო, ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ და მცირე საწარმოებს, ისე იმპორტირებულ და ძირითადი მოხმარების პროდუქტებსაც“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, მსგავსი ჩარჩო მოქმედებს ევროპის გარდა აშშ-იც, სამხრეთ კორეასა და იაპონიაშიც.

„მსგავსი ჩარჩო მოქმედებს ყველგან, სადაც განვითარებულია ორგანიზებული საცალო ქსელები და მათ გააჩნიათ ფართო მოცვა მოქალაქეებისთვის მსგავსი პლატფორმების შექმნის კუთხით, ყველგან მოქმედებს, რომ მომხმარებელიც და მომწოდებელიც იყოს დაცული. ამ ნაწილში წლების მანძილზე გამოწვეული პრობლემის გადაჭრის გზა არის. ახალი არაფერი არ იქმნება, ეს ეფექტიანად მუშაობს სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ლექვინაძემ.

კითხვაზე, რამდენად აქვს მთავრობას მარჟების ზედა ზღვარის დაწესების უფლება, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

„არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი ფასების დაფიქსირებაზე, ან მარჟების დერეგულირებაზე. ევროდირექტივა გულისხმობს ისეთი კრიტიკული ხარჯების განეიტრალებას, ან მინიმიზაციას, რომელსაც ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავს და რომლის კიდევ უფრო მეტად ზრდა ფიქსირდება, სწორედ ასეთი, მომხმარებლისთვის არასაჭირო ხარჯების განეიტრალებისკენ არის მიმართული, რეგულირების ასეთი ჩარჩოს შექმნა. საუბარი რაიმე ფორმით ფასების ფიქსაციაზე არ არსებობს.

მე, როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიდასტურებთ, რომ იმპორტში არსებობს აქტიური კონკურენცია და ეს ჩვენ დაგვანახა ბაზრის მოცულობებმა, ბაზრის მოცულობებში წილობრივმა მაჩვენებლებმა და ა.შ.“, - თქვა მან.

ლექვინაძის განმარტებით, საკითხის რეგულირება შეეხება დაახლოებით 10-მდე პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს, რომლებსაც სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.