მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების ზრდა და ეროვნული ბანკის პოლიტიკა - ეგნატე შამუგიას მიმოხილვა

60b029f001bbe
ეგნატე შამუგია
31.05.21 21:00
1536
ინფლაცია - ეკონომიკაში ფასების დონის ზრდა ერთ-ერთი მწვავე მაკროეკონომიკური პრობლემაა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა შემოსავალი ფიქსირებულია, ასეთი კი, ძირითადად, შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავლებია, ინფლაციის წნეხს ყველაზე მძიმედ განიცდიან. მაგალითად, გასულ წელს ეკონომიკაში მთლიანი შემოსავლების ფორმირების 36.9% სწორედ ხელფასები იყო, რაც წინა, 2019 წელს 38.4%-ს შეადგენდა. ამ სახის შემოსავლები კი დროის მოკლე პერიოდში არ იცვლება და შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მცირდება. ფასების დონის ზრდა განსაკუთრებით საზიანოა მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილისთვის, რადგან მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური ტრანსფერებია. ამ ტიპის დახმარების ნომინალური ოდენობა კი მოკლევადიან პერიოდში არ იცვლება. ნებისმიერ დროს ინფლაცია ადამიანების მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მისი წნეხი განსაკუთრებით მძიმეა და თავად განვითარებადი ეკონომიკების სტაბილური ზრდისთვის ნეგატიური გავლენის მქონე. ასეთ დროს ნომინალური შემოსავლები მცირდება და ინფლაციის პირობებში მათი მსყიდველობითი უნარი უფრო მეტად უარესდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
 
თავად ინფლაციის დათვლა შეუძლებელია, რადგან ეკონომიკაში უამრავი საქონელი და მომსახურებაა, რომლის ასორტი მოკლე დროში იცვლება. ბაზარზე თითქმის ყოველდღიურად ჩნდება ახალი პროდუქტი ან ერთი ანაცვლებს მეორეს, თუმცა ფასების დონის ცვლილებას შერჩევით, რამდენიმე საქონელი და მომსახურების ფასებზე დაკვირვებით ახორციელებენ. საქართველოში ეს 12 სასაქონლო ჯგუფს მოიცავს, რომელიც 305 სახის საქონელსა და მომსახურებას აერთიანებს. სწორედ ამ სახით ხდება სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშება, რომლის ზრდას ინფლაციას უწოდებენ, ხოლო კლებას - დეფლაციას. თავის მხრივ, ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების დონის ზრდას შორის არსებითი განსხვავებაა. მაგალითად, ერთი საქონელის ფასის ცვლილება აისახება მეორე საქონლის მოთხოვნაზე და შესაბამისად, მის ფასზე. აღნიშნულ ინდექსში ეს მეორე საქონელი საერთოდ არ არის ან მისი წილი საკმაოდ მცირეა. აქედან გამომდინარე, სამომხმარებლო ფასების დონის ინდექსის ცვლილება ასახავს არა ეკონომიკაში ფასების დონის ცვლილებას, არამედ ყველაზე ხშირად მოხმარებად და საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. შესაბამისად, ინფლაციაზე საუბრის დროს იგულისხმება სწორედ სამომხმარებლო ფასების ინდექსი და არა მისი ნამდვილი მნიშვნელობა.

ფიგურა 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 7.2% შეადგინა. ფასების დონის ზრდა წინა თვეშიც ამავე ნიშნულზე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი გასული წლის მაისში საშუალო სტატისტიკურმა მომხმარებელმა 50 ლარად X რაოდენობის პროდუქცია იყიდა, მიმდინარე პერიოდში ამავე X რაოდენობის პროდუქციის შესაძენად მას უკვე 3.6 ლარით მეტი, 53.6 ლარი დასჭირდებოდა. 2021 წელს გამონაკლისს იანვარ-თებერვალი წარმოადგენდა, როცა სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა 2.8% და 3.6%-იან ნიშნულებზე იყო, მაგრამ შედარებით დაბალი მაჩვენებელი მეთოდოლოგიური ნიუანსებით იყო განპირობებული. როგორც საქსტატი განმარტავდა, ინფლაციის დათვლისას მხოლოდ მომხმარებლის მიერ ფაქტობრივად გადახდილს იყენებენ, ხოლო ამ პერიოდში კომუნალური მომსახურება მთავრობის მიერ სუბსიდირდებოდა. სამომხმარებლო ფასების ინდექსში აღნიშნულ მომსახურების (წყალმომარაგების გამოკლებით) წონა საშუალოდ 5.3%-ია. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, საშუალოდ ყოველთვე სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა 5.2%-ია, რაც გასულ წელსაც 5.2%-ს აღწევდა. გასული წლის მაჩვენებელი 2019 წლის საშუალო წლიურ ინფლაციას 0.3 პ.პ.-ით აღემატება, ხოლო 2018 წლისას კი - 2.6 პ.პ.-ით. შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის ზრდა არა პანდემიის დროს, არამედ პანდემიამდე პერიოდში დაიწყო, თუმცა სებ-ის მმართველის თქმით მაღალი ინფლაცია პანდემიას უკავშირდება. კობა გვენეტაძის თქმით, „ინფლაციის ასეთი ზრდის მიზეზი კორონავირუსის გამო საქართველოში და მის გარეთ შექმნილი არაორდინალური ვითარებაა“, თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს, რომ გასულ წელს ფულის მასა 18.8%-ით გაიზარდა, რაც წინა წელსაც ამავე ნიშნულით იყო გაზრდილი. ფულის რაოდენობის ზრდის მაღალი ტემპი კი შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. თავის მხრივ, ინფლაციის გამომწვევი სწორედ ფულის მასის ზრდაა.

სამომხმარებლო ფასების დონის სტაბილურობაზე და არა ინფლაციაზე, პასუხიმგებლობა ეროვნულ ბანკს გააჩნია, რადგან ამ მიზნებისთვის კანონით ინფლაცია განმარტებულია როგორც საქსტატის მიერ დათვლილი, სამომხმარებლო კალათაში შემავალი ფასების ინდექსის ცვლილება. აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ფართო უფლებამოსილებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. შესაბამისად, სებ-ის მონეტარული პოლიტიკა, ფორმალურად, სამომხმარებლო ფასების ცვლილების სტაბილურობის მიღწევისკენაა მიმართული. სებ-ის მიზანია, უზრუნველყოს ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში არსებობა, ხოლო ამ მაჩვენებელს თავად სები წინასწარ განსაზღვრავს. 2018 წლიდან ეს ნიშნული 3.0%-ია, რომელსაც 2019 წლიდან მეორე კვარტალიდან სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება ყოველთვიურად აჭარბებს (გამონაკლისი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალი). ამ ფონზე კი ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მარტში დაიწყო, როცა რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 0.5 პ.პ.-ით 8.5%-მდე და შემდეგ აპრილში, 9.5%-მდე გაზარდა. უშუალოდ გასულ წელს, მიუხედავად მაღალი ინფლაციისა სები პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა და პირიქით, აპრილ-მაისში 1.0 პ.პ. -ითაც კი შეამსუბუქა.

ფიგურა 2: ფასების დონის და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების ცვლილება (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

როგორც ზემოთ ვახსენეთ, სამომხმარებლო ფასების ინდექსი მხოლოდ 12 სასაქონლო ჯგუფს მოიცავს, რომლებსაც ინდექსში სხვადასხვა წონა გააჩნიათ. მათ შორის, ყველაზე დაბალი წონა კავშირგაბმულობა და დასვენება/გართობას აქვს, რომელთა წილი ინდექსში 3.6% და 3.7%-ებია. ყველაზე მაღალი კი პირველადი მოხმარების საქონელს - სურსათს უკავია. 2021 წლის კალათაში აღნიშნული ჯგუფის წონა 32.2%-ია. ეს ნიშნავს, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის ხარჯების 32.2% სასურსათო ხარჯებია. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნება, რომ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო ჯგუფში ფასების დონის ცვლილება ცალკე განვიხილოთ, რადგან მთლიანი კალათის თითქმის 1/3-ია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სასურსათო ჯგუფში ფასების დონის საშუალო წლიური ზრდა 5.3%-ია, რაც გასულ წელს 10.6%-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბოლოდან 2020 წლის მასის ჩათვლით სურსათის ნაწილში ინფლაციას მზარდი ტენდენციაა გაჩნდა, რამაც გასული წლის მაისში 16.1%-ს მიაღწია და მას შემდეგ, ამ ჯგუფში ფასების დონე ზრდის ტემპი კლებადია. მიმდინარე წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 3.0%-მდეა შემცირებული. 2019-20 წლებში კი საშუალოდ ნომინალური თვიური ხელფასები გაცილებით ნაკლებით იზრდებოდა, ვიდრე წლის განმავლობაში საშუალო წლიურ ინფლაცია, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში.

სამომხმარებლო კალათაში სურსათზე დაბალი, მაგრამ სხვა ჯგუფებთან შედარებით მაღლი წონა ჯანმრთელობის დაცვას აქვს, რომელის წილი ინდექსში 7.8%-ია, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. აღნიშნული ერთ-ერთი მიზეზი პანდემიაა, რადგან რიგ პერიოდში გეგმიურ მომსახურების მიღება შეჩერებული იყო და შესაბამისად, დანახარჯებში ასეთ სერვისზე ხარჯები შემცირდა, თუმცა ჯანდაცვის ჯგუფის წონის კლება პრე-პანდემიურ პერიოდშიც შეინიშნებოდა. მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის ფასების დონე 13.8%-ითაა გაზრდილი, რაც წინა პერიოდებთან შედარებით მაღალია. აღნიშნულს 2019 წლის მეორე ნახევრიდან ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რომელიც მკვეთრი და მაღალი ზრდის მაჩვენებლით მიმდინარე წლიდან გამოირჩევა. თუკი გასულ წელს საშუალოდ ყოველთვიური ინფლაცია ჯანდაცვის ჯგუფში 6.5% იყო, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საშუალოდ 11.7%-ია. ამდენად, მსგავსად მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსისა, ჯანმრთელობის დაცვის სასაქონლო ჯგუფშიც ინფლაციის მზარდი ტენდენცია პრე-პანდემიური პერიოდიდან იწყება.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის (სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდა) ტემპი პანდემიამდე, ადრეული წლებიდან იზრდებოდა. აღნიშნულს ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე მკვეთრი ზრდის ტენდენციაა გააჩნდა, მაგრამ აღსანიშნავია პრე-პანდემიური პერიოდი, 2018 წლის ბოლოდან 2019 წლის ბოლომდე, როცა სამომხმარებლო ფასების დონე ყოველთვე უფრო და უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა. პანდემიის დასაწყისიდან კი ფასების კვლავ მაღალი, საშუალოდ 6.0%-იანი ზრდა იყო, მაგრამ მცირედი კლების ტენდენცია გააჩნდა, რაც წლის ბოლოს და მიმდინარე წლის პირველ ორი თვის პერიოდში მკვეთრად შემცირდა. ზრდის ტემპის შემცირება კი ტექნიკური, მეთოდოლოგიური ნიუანსით იყო განპირობებული. ფასების დონის მაღალი ზრდის ფონზე კი ცენტრალური ბანკის ქმედებები მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ იყო მიმართული. ამ დროს სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავშეკავებულობას 2020 წელს არსებულ სუსტ მოთხოვნას და აღნიშნულის მომდევნო პერიოდზე გავლენით ასაბუთებდა. გასული წლის ბოლო ორი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 8.5%-ით განისაზღვრა, ცენტრალური ბანკი მიუთითებდა, რომ „ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან ახლოს იმოძრავებს“, მაგრამ მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, ხოლო მარტსა და აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% და 7.2% იყო. უკვე ამ პერიოდში სებ-მა „შეცვლილი გარემოებებიდან“ გამომდინარე პოლიტიკის განაკვეთი, ჯამში, 1.5 პ.პ-ით გაზარდა. გამკაცრებული პოლიტიკა კი, ფასების დონის ზრდის ტემპის შენელებისკენაა მიმართული.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>