მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორშია“ - BAG ინდექსი

6422ba5e00ced
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.23 14:05
679
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული BAG ინდექსის მიხედვით, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თავის პროდუქტზე ფასები გამოკითხული კომპანიების 26%-მა გაზარდა. ამასთან, კომპანიების 25% ფასების ზრდას მეორე კვარტალშიც ვარაუდობს. 

„სექტორებს შორის, 2023 წლის I კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო სამშენებლო მასალებზე ფასის გაძვირებას და/ან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირდებოდეს. ასევე, 2023 წლის II კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება.

ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან 2023 წლის I კვარტალში თავიანთ პროდუქციაზე ფასები გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაზარდა“, - ნათქვამია BAG ინდექსში.

რაც შეეხება გაყიდვებს, ამ მხრივ სექტორებს შორის, 2023 წლის I კვარტლის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობის და მშენებლობის სექტორებში აფასებენ. ამასთან, 2023 წლის II კვარტალში, გაყიდვების მხრივ, ყველაზე პოზიტიური მოლოდინიც ვაჭრობის და მშენებლობის სექტორებში ფიქსირდება.

აღსანიშნია, რომ გამოკითხული კომპანიების 33%-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდა. კომპანიების 45% კი II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის.

„სექტორებს შორის, 2023 წლის I კვარტლის მდგომარეობასა და 2023 წლის II კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ. 2023 წლის I კვარტლის მდგომარეობას დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე ნეგატიურად ვაჭრობის სექტორში აფასებენ (13.9%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება)“, - აღნიშნულია BAG-ინდექსში.

ცნობისთვის, BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს ემყარება, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.