მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების ზრდის სოციალური ტვირთი

61fc512d35a7a
ეგნატე შამუგია
05.02.22 01:00
4543
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3.0%-იან ნიშნულს 11 კვარტალზე მეტია ცდება, გასული წლის ივლისიდან კი ინფლაცია ორნიშნაა, რომელსაც მატების ტენდენცია ახასიათებს. უკვე მეორე თვეა წლიური ინფლაცია 13.9%-იან ნიშნულს იკავებს. თავის მხრივ, ინფლაცია ფულის ერთეულის, ამ შემთხვევაში ლარის, მსყიდველობითი უნარის დაკარგვას ასახავს, რასაც მძიმე სოციალური ტვირთი გააჩნია. აღნიშნულზე კი შინამეურნეობების შემოსავლების განაწილება მკაფიოდ მიუთითებს. კერძოდ, მათი შემოსავლების წყაროები, სადაც დომინანტი დაქირავებული შრომიდან მიღებული ფულადი რესურსები და სოციალური ტრანსფერებია.

როცა სამომხმარებლო ფასების დონე იზრდება და ნომინალური შემოსავლები არა, მაშინ მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება. ამგვარი ნომინალური შემოსავლის წყარო კი ხელფასები და სოციალური ტრანსფერებია. შესაბამისად, ინფლაციის უარყოფითი წნეხი მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის ხელშესახებია. განსაკუთრებით კი ღარიბი მოსახლეობისთვის, რადგან მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი - სოციალური ტრანსფერია (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა). სოციალური დახმარების და პენსიის ნომინალური ოდენობა კი მოკლევადიან პერიოდში არ იცვლება. მინიმუმ ერთი ფისკალური წელი ასეთი სახის შემოსავლების ნომინალური ოდენობა უცვლელია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით, გასული წლის დეკემბრის შუა პერიოდის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 42.0% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ინფლაციაა. ამავე გამოკითხვის მიხედვით პირველ ადგილს, 49.0%-ით უმუშევრობა იკავებს.
 
ფიგურა 1: შინამეურნეობის შემოსავლების განაწილება, წყაროს მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინფლაციის სოციალური მასშტაბის წარმოსადგენად კარგი საშუალებაა შინამეურნეობების შემოსავლების წყაროების და მათი რაოდენობის გაანალიზება. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო დაქირავებული შრომიდან მიღებული ხელფასია, რომელსაც მთლიანი ეკონომიკის შემოსავლების ფორმირებაში 1/3 -ზე მეტი წვლილი გააჩნია. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო სტატისტიკური შინამეურნეობის ფულადი შემოსავლის 44.4% ხელფასია, რაც წინა პერიოდებთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, ბოლო ათწლეულში შინამეურნეობის შემოსავლების საშუალოდ 43.0% დაქირავებული შრომიდან მიღებული ფულადი რესურსებია, რაც 2002-10 წლებში საშუალოდ 32.8% იყო. ამდენად, ბოლო წლებში გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლების განაწილებაში ისეთი წყაროების წილი, რომელთა ნომინალური ოდენობა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არ იცვლება. შესაბამისად, ამ კუთხითაც გაზრდილია ინფლაციის უარყოფითი გავლენის მასშტაბი და სოციალური ტვირთი. მეორე მხრივ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალის 55.5% დაქირავებით დასაქმებულია, რაც აბსოლუტურ რაოდენობაში 845.3 ათას შრომისუნარიან პირს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ კუთხითაც მასშტაბურობა სახეზეა.

მოსახლეობის მეორე ნაწილი ეს ის ადამიანებია, რომელთა შემოსავლის წყარო სოციალური ტრანსფერებია. მაგალითად, სიღარიბის ზღვას ქვემოთ მყოფი სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობა, პენსიონერები და სხვები. ასეთი ადამიანების რაოდენობა, 2020 წლის მდგომარეობით, 958.3 ათასი პირია, რაც მთლიანი მოსახლეობის ¼ -ზე მეტია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან ასაკის მიხედვით, დიფერენცირებულად, პენსიის ინდექსაცია მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ ინფლაციისა და ეკონომიკის ზრდის მიხედვით, ერთწლიან პერიოდში პენსიის ნომინალური ოდენობა ერთხელ იცვლება. შემოსავლების განაწილებაში კი ამ სახის ფულადი რესურსების წილი მაღალია.

2020 წლის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური შინამეურნეობის ფულადი შემოსავლების 21.8% სოციალური ტრანსფერი იყო, რაც ბოლო ათწლეულში გაზრდილია და საშუალოდ 16.5%-ს აღწევს. ამდენად, შინამეურნეობის ფულადი შემოსავლების 60.0%-ზე მეტი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში სიხისტით გამოირჩევა. მათი ნომინალური ოდენობა არ იცვლება, ხოლო მაღალი ინფლაციის პირობებში, რეალური ღირებულება მცირდება, რადგან მსყიდველობითი უნარი იკლებს. აქედან გამომდინარე, სამომხმარებლო ფასების სოციალური წნეხი მკვეთრი და მასშტაბურია. თუმცა, ინფლაციის პირდაპირი სოციალური ეფექტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. აღნიშნული ნაწილია მთლიანი წნეხის, რომელიც სტატისტიკურ მაჩვენებლებში აისახება. ამგვარი წნეხის დაძლევა კი ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაა, რადგან სწორედ ეს უკანასკნელია ფასების სტაბილურობასა და სამომხმარებლო საქონელთან მიმართებით ლარის მსყიდველობით უნარზე პასუხისმგებელი.