მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მასშტაბური რეფორმა 2020 წელს წარმატებით დასრულდა - გვენეტაძე

60b757ab4c1ea
ინგა მურუსიძე
02.06.21 21:05
772
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მასშტაბური რეფორმა 2020 წელს წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს.

„2020 წელს წარმატებით დასრულდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს მასშტაბური რეფორმა, რომლის მსგავსიც 1999 წელს "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ არ განხორციელებულა. 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონსა და 14 ივლისს მიღებული "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

ორივე კანონპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და, ერთი მხრივ, სრულად შეესაბამება ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ საერთაშორისო პრაქტიკასა და IOSCO-ს პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ, მათში გათვალისწინებულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე და ქვეყნის მახასიათებლები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მუდმივი წევრობისთვის საჭირო ღონისძიებებს და ორგანიზაციის შესარჩევ კომისიასთან თანამშრომლობდა.

„აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს მოიპოვა და მუდმივ წევრობაზე განაცხადი 2019 წლის შემოდგომაზე წარადგინა. IOSCO-ს შესარჩევმა კომისიამ 2020 წლის ბოლოს დაასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის განაცხადის შეფასება და უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკი ორგანიზაციის მუდმივი წევრის სტატუსის მიღებას ელოდება.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება გრძელვადიანი პროცესია, განსაკუთრებით მცირე ზომის ქვეყნებისთვის. ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის საპენსიო რეფორმა, ასევე ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა რეფორმები კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობებია და შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოვიმკით“, - განაცხადა გვენეტაძემ.