მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასის შემცირებაზე მინიშნებით, მთავრობა ფასების კონტროლს ბაზრის დასარეგულირებლად იყენებს - ISET

64107d229df4b
მარიამ ვარადაშვილი
14.03.23 18:13
659
ცოტა ხნის წინ მთავრობამ ახალი კანონპროექტი დააანონსა, რომლითაც იმპორტიორებისთვის სურსათზე ფასნამატის მარჟები განისაზღვრება, ანუ მთლიანად საცალო ვაჭრობის სექტორისთვის ახალი წესები დადგინდება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები",-აცხადებდა ღარიბაშვილი რამდენიმე კვირის წინ.

მისი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე პროცესების ოპტიმიზაცია, რამაც მოგების მარჟისა და ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს. შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანი, ასევე, არის სურსათის ფასებთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი საკითხის გადაწყვეტა: მიმწოდებლებისათვის გადახდის სტანდარტული პირობების დაწესება, რაც სავაჭრო ქსელში შესვლის გადასახადებსა და მარკეტინგულ ხარჯებსაც მოიცავს, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ხელშეწყობას, ე.წ. განმარტებითი რეტრობონუსების საკითხს და უკან დასაბრუნებელი პროდუქტების შესახებ სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას. 

ISET-მა ამ საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტი მოამზადა. კერძოდ, შეაფასა ფასების კონტროლი და მის გავლენა ეკონომიკაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის შეთავაზებული მიდგომა ფასების კონტროლს ჰგავს და ეწინააღმდეგება კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ამას გარდა, ISET-ში მიაჩნიათ, რომ მთავრობის „ირიბი მინიშნება“ ფასის შემცირების აუცილებლობაზე ნიშნავს, რომ მთავრობა ფასების კონტროლის ინსტრუმენტს ბაზრის დასარეგულირებლად იყენებს. 

ISET-ის მიერ მოზადებული დოკუმენტის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სურსათის ფასები იზრდებოდა, რაც ძირითადად განაპირობებული იყო საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციებით, რომლებზეც გავლენა იქონია წარმოების შემცირებით გამოწვეულმა მოლოდინებმა, ნავთობის ფასების ზრდამ და, ასევე, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ზეწოლა გაზარდა სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ფასები უკვე ისედაც აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა.

ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს მთავრობა აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე – შეენარჩუნებინა დაბალი და სტაბილური ფასები სურსათზე.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, კანონპროექტი მუშავდება ევროკავშირის 2019 წლის 633-ე დირექტივის შესაბამისად, რომელიც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ISET-ის თანახმად, ეს დირექტივა მიზნად ისახავს სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებულ მცირე/საშუალო ბიზნესებსა და ფერმერებს შეუქმნას თანაბარი პირობები და უზრუნველყოს მათ მიმართ დიდი სავაჭრო პარტნიორების სამართლიანი მოპყრობა.

“მთავრობის ჩარევის თვალსაზრისით, ფასების რეგულირება გულისხმობს ფასის ზღვრის დაწესებას გარკვეულ პროდუქტზე, ისეთზე, როგორიც სურსათი ან საწვავია. ეს გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პროდუქტის გამყიდველებს არ ექნებათ დადგენილ ზღვარზე მაღალი ფასების დაწესების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა ოფიციალურად არ ეკრძალებოდეთ მათთვის სასურველი ფასების დაწესება, მთავრობის „ირიბი მინიშნება“ ფასის შემცირების აუცილებლობაზე მაინც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა იყენებს ფასების კონტროლის ინსტრუმენტს ბაზრის დასარეგულირებლად.

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას. გარდა ამისა, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება”,-ნათქვამია ISET-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

სურსათის ფასების სტაბილიზაციისა და ბაზარზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად ორგანიზაცია მთავრობას შემდეგ ალტერნატივებს სთავაზობს:

კონკურენციის ზრდა: სურსათის მწარმოებლებსა და გამყიდველებს შორის კონკურენციის წახალისებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ფასების შემცირებას. კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას.

სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდა: უკეთესი ფერმერული პრაქტიკის, წარმოების საშუალებების გაუმჯობესებისა და თანამედროვე სარწყავი სისტემების მეშვეობით სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს სურსათის მიწოდების ზრდა და შეამციროს ფასზე გარე შოკების გავლენა.

სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მეშვეობით შესაძლებელია მიწოდებასთან დაკავშირებული შოკების გავლენებისა და ფასების რყევების შემცირება.

სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მეშვეობით შესაძლებელია მიწოდებასთან დაკავშირებული შოკების გავლენებისა და ფასების რყევების შემცირება.

“მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დონის რეგულირება შეიძლება საჭირო გახდეს ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად და მომხმარებლების დასაცავად, რესურსების განაწილებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ყველაზე ეფექტიან გზად საბაზრო ეკონომიკა ითვლება. ამიტომაც მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით შემუშავება”,-აცხადებენ ISET-ში.