29.მარტი .2020 21:00

"Fastjobs.ge" - ახალი პლატფორმა უმუშევრად დარჩენილთა დასაქმებისთვის

views 1296
უკან

ქართულ ბაზარზე პლატფორმა „Fastjobs.ge“ გამოჩნდა, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის ეფექტის გამო დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დისტანციურად დასაქმებას. აღნიშნულ პლატფორმაზე უფასოდ დარეგისტრირება როგორც დასაქმების მსურველებს, ასევე დამსაქმებლებსაც შეუძლიათ. ამის შესახებ BM.GE-ს „Fastjobs.ge“-ის თანადამფუძნებელი სოფო ცირამუა ესაუბრა.

„პლატფორმა შევქმენით იმისთვის, რომ უშუალოდ კორონავირუსის ფონიდან გამომდინარე უმუშევრად დარჩენილებს დავხმარებოდით, თუმცა დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. რეგისტრირებულებს შორის არიან როგორც საქართველოში მცხოვრები ადამიანები, ასევე ემიგრანტები. საიტზე დამსაქმებლებს შეუძლიათ დაამატონ ვაკანსიები და თვითონ დაუკავშირდნენ დასაქმების მსურველებს“,- განმარტავს სოფო ცირამუა.

27 მარტის დილის მონაცემებით, საიტზე 330 ადამიანი დარეგისტრირდა და პარალელურად, ამ ეტაპზე, „Fastjobs.ge“ მოლაპარაკებებს დაახლოებით 70 კომპანიასთან აწარმოებს.

სულ რამდენიმე დღეა, რაც აღნიშნული პლატფორმა 2 თანადამფუძნებლის მიერ შეიქმნა და უკვე გამოჩნდნენ პირველი დასაქმებულებიც. როგორც სოფო ცირამუა აღნიშნავს, განსაკუთრებული მოთხოვნა მთარგმნელობის, ასევე სოციალური მედიის მიმართულებით დასაქმებაზე შეინიშნება. მისივე განმარტებით, ხშირია ინტერესი ტურისტული სააგენტოებიდან დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მსგავსი მიმართულებითვე სურთ მოღვაწეობის გაგრძელება.

გარდა აღნიშნული მიმართულებებისა, პლატფორმაზე შემოთავაზებულია ფინანსური და იურიდიული მომსახურების კატეგორიები, პოზიციები ქოლცენტრის თანამშრომლის, ვირტუალური ასისტენტის, ასევე პროგრამირების, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. 

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, სოფო ცირამუა არ გამორიცხავს, მოვლენების განვითარების შესაბამისად, "Fastjobs.ge“-ის ფუნქცია განზოგადდეს და ამ ეტაპზე კონკრეტულად კორონავირუსის ფონზე მოხალისეობრივად შექმნილმა პლატფორმამ ტრანსფორმაციის შემდეგ კომერციული ინტერესიც შეიძინოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა