მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასზე ზედა ჭერის დაწესება მედიკამენტს გააიაფებს? - უპირატესობა და რისკები

636e2b79ebfca
ინგა მურუსიძე
11.11.22 18:56
1011
2023 წლიდან ქვეყანაში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან სახელმწიფო წამლების მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს. "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, მათ შორის ისიც, რომელ ქვეყნებთან შეჯერებით დადგინდება წამლებზე რეფერენტული ფასი, მაგრამ როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, თუ ბიზნესი მედიკამენტებს ზედა ჭერზე ძვირად გაყიდის, ჯერ გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ - ჯარიმას.

რამდენად აქტიური კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეებთან და როგორია კერძო სექტორის პოზიცია ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან ბიზნესი შეფასებებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს, ამიტომ BMG მედიკამენტებზე რეფერენტული სისტემის ამოქმედების უპირატესობასა და რისკებზე ჯანდაცვის სპეციალისტს ესაუბრა.
თენგიზ ვერულავას აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დარგის წარმომადგენლებთან ერთად იქნას განხილული და გადაწყვეტილებებიც, შესაბამისად, იქნას მიღებული.

ფასზე ზედა ჭერის დაწესება მედიკამენტს გააიაფებს?

ამასთან, ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ მედიკამენტების გაიაფება აუცილებელია, თუმცა არა მხოლოდ ფასზე ზედა ჭერის დაწესებით, არამედ სხვა რეფორმებითაც, რომელთა შორისაც ის რამდენიმეს ასახელებს:

„მიდგომა - „ბაზარი დაარეგულირებს“, - არასწორია, რადგან უკვე 30 წელია ვაკვირდებით და ბაზარმა მედიკამენტების ფასები ვერ დაარეგულირა. მსოფლიოში, სამყაროში არ არსებობს ასეთი გამოცდილება, რომელიც გამართლდა. ვფიქრობ, საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა - მეტი აქცენტი გენერიკულ მედიკამენტებსა და მათ პოპულარიზაციაზე; ასევე, საჭიროა წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ყველა მედიკამენტს შეამოწმებს, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა და სამედიცინო ჰოლდინგების შეზღუდვა; მედიკამენტების იმპორტიორებს შეზღუდული უნდა ჰქონდეთ აფთიაქების ფლობა და ბოლო კომპონენტი მედიკამენტების ფასების გაიაფებისთვის არის ის, რომ ამბულატორიული მედიკამენტებით უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამით უნდა მოხდეს, ისე, როგორც ეს ევროპაშია“, - განმარტა თენგიზ ვერულავამ.

რამდენად რეალურია ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტის რისკი?

BMG-ს კითხვაზე - რა რისკები ახლავს წამლის ფასზე ზედა ჭერის განსაზღვრას, ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ ინფლაციის გამო, შესაძლოა, მედიკამენტის ღირებულება ძალიან დაბალი გახდეს და იმპორტიორს მისი შემოტანა აღარ უღირდეს, რაც მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს.

„მედიკამენტის დეფიციტი - აი, ამ რისკს ვხედავ მე, მაგრამ ამასთან ბრძოლის მექანიზმიც არსებობს და ეს არის ინფლაციის პარალელურად, ყოველწლიურად ფასის ცვლილება; თუ ეს მოხდება, ცხადია, ფასის მკვეთრი იქნება. რისკები სხვა ქვეყნებშიც იყო, სადაც რეფერენტული ფასები დაწესდა, თუმცა ამის გამო რეფორმაზე უარი არ უთქვამთ“, - განაცხადა თენგიზ ვერულავამ და დასძინა, რომ „რეფორმის დასაწყისში პრობლემები იქნება, თუმცა ბაზარი თავისუფალია და აუცილებლად გაჩნდება მოთამაშე, რომელიც დეფიციტურ მედიკამენტს შემოიტანს“.

„ბოლოს და ბოლოს აქვეა თურქეთი და მედიკამენტების შემოტანა შესაძლებელია. აქ მთავარია, რისკებთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს ადეკვატური - ვგულისხმობ რეფერენტული ფასის დადგენისას ინფლაციის დონის გათვალისწინებას“, - აღნიშნა მან.

მედიკამენტების ფასის დარეგულირება ფარმაცევტულ ბიზნესში ინვესტიციებს შეამცირებს?

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც BMG ჯანდაცვის სპეციალისტთან ინტერვიუში შეეხო, ფასების დარეგულირების პირობებში ფარმაცევტულ სექტორში ინვესტიციების შესაძლოა კლება იყო. თენგიზ ვერულავა ამ რისკებს ნაკლებად ხედავს. ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ „თუ არ გაიხსნება ბრენდული აფთიაქები, გაიხსნება სხვები, გამოჩნდება სხვა ჯგუფები, რომლებიც აფთიაქებს გახსნიან“.

„ვფიქრობ, რეფორმა აუცილებელია და ეს იქნება უკეთესი პაციენტისთვის, რადგან ის მიიღებს იაფ მედიკამენტს. უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება და რეფორმა უნდა გატარდეს. ბიზნესის ინტერესები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, გადაწყვეტილება უნდა იყოს დაბალანსებული, თუმცა მთავარია პაციენტი“, - აღნიშნა თენგიზ ვერულავამ.

ჯანდაცვის სპეციალისტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის პროცესში დარგის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა ჩაერთონ.