მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის 100 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა იქნება

5ed7b9fcf09f0
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 19:00
1100
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის აშშ-ს 100 მილიონ დოზაზე მეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ექნება.

"ამის შემდეგ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში უკვე რამდენიმე ასეული მილიონი დოზა გვექნება", — განაცხადა ფაუჩიმ აშშ-ს სამედიცინო ასოციაციასთან საუბარში.

ფაუჩის თქმით, ვაქცინის ყველაზე სწრაფი ვარიანტი შესაძლოა, ფარმაცევტული კომპანია Moderna-სა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის საერთო კვლევის შედეგად მიიღონ.

როგორც ცნობილია, ვაქცინის კვლევის ფინალური, მესამე ეტაპი მოხალისეებზე ივლისში დაიწყება. ფაუჩი ამბობს, რომ მესამე ეტაპზე კვლევაში 15-დან 55 წლამდე ასაკის 30,000 მოხალისე ჩაერთვება.

ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ამგვარად კვლევით მოსახლეობის მთელი სპექტრი იქნება მოცული. გეგმის მიხედვით, პირველი 100 მილიონი დოზის წარმოება მანამდე დაიწყება, სანამ საბოლოოდ მკაფიო გახდება, ეფექტურია თუ არა ვაქცინა. ფაუჩის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ თუ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდება, მისი გამოყენება და გავრცელება დაუყოვნებლივ დაიწყება.

ფაუჩიმ, ასევე, განმარტა, რომ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ყველა საჭირო მონაცემები მეცნიერებს უკვე ნოემბერ-დეკემბერში ექნებათ.

"მე ფრთხილად, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე მიმდინარე კვლევებისა და ვაქცინის მრავალი კანდიდატურიდან ჩვენ შედარებით მალე მივიღებთ, ეფექტურ ვაქცინას", — განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩის თქმით, ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მზარდია, უკვე ადასტურებს იმას, რომ ორგანიზმს დაავადებაზე იმუნური პასუხი აქვს.

ამავდროულად, ფაუჩიმ განაცხადა, რომ 100%-იანი გარანტიები არ არსებობს და ასევე, უცნობია თუ რა რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ეფექტური ვაქცინა. მისი თქმით, არის შანსი, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ყოველწლიური მოდიფიკაცია დაჭირდეს.