მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: სამეცნიერო მტკიცებულება ცხადყოფს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ იმუშავა

5ec78d7a84340
BM.GE
22.05.20 13:05
989
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმ შტატებმა, რომლებიც გახსნის პროცესს იწყებენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ფაუჩიმ "ინსტაგრამზე" ინტერვიუ მსახიობ ჯულია რობერტს მისცა და ხშირად დასმულ კითხვებს შორის დაასახელა კითხვა, რომელიც ზაფხულში ჩვეულებრივი ცხოვრების სტილის დაბრუნებას შეეხება.

"ხშირად მეკითხებიან "დავუბრუნდებით თუ არა ნორმალურ ცხოვრებას ამ ზაფხულს?" და მე ვპასუხობ, რომ ეს მთლად ასე არ იქნება. ჩემი აზრით, ჩვეულ ცხოვრებას განსხვავებულად დავუბრუნდებით, სოციალური დისტანცირების დაცვის და ნიღბების გამოყენების ჩათვლით", - განაცხადა ფაუჩიმ. 

ჯულია რობერტსმა მას ჰკითხა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამერიკელებმა ახლა უნდა იცოდნენ.

"როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ჩართული ადამიანი, როგორც მეცნიერი და ექიმი, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია ის არის, რომ სამეცნიერო და სამედიცინო მოსაზრება გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც უბრალოდ მოსაზრება არ არის და სამეცნიერო მტკიცებულებას ეფუძნება. სამეცნიერო მტკიცებულება კი მკაფიოდ ცხადყოფს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ იმუშავა, თუმცა სრულად არა, თუ მრუდს დააკვირდებით, რომელიც მნიშვნელოვნად არ მცირდება. ახლა ბედის ცდის დრო არ არის. უკუსვლა დაუშვებელია", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

რამდენიმე დღით ადრე, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შტატების ნაადრევ გახსნას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, რადგან შეზღუდვების ნაადრევი მოხსნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაჩენას გამოიწვევს.

"ის, თუ როგორ შეგვიძლია შემთხვევების იდენტიფიცირება, იზოლირება, კონტაქტების გამოვლენა, განსაზღვრავს იმას, თუ რა გზით უნდა წავიდეთ ამერიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რომელიმე ქალაქი ან შტატი გახსნას შეუდგება ისე, რომ ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა არ ექნება, მაშინ შემთხვევების ზრდას ვიხილავთ, რაც შესაძლოა აფეთქებაში გადაიზარდოს", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

22 მაისის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1,621,196 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 96,359 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 382,244 ინფიცირებული.