18.ნოემბერი .2020 00:30

ფაუჩის თქმით, ვაქცინაციის შემდეგაც არ უნდა ვთქვათ უარი პირბადეებსა და დისტანცირებაზე

views 635
უკან

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება საჭირო ვაქცინის შემდეგაც იქნება. მისი თქმით, მარტივი არ იქნება ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება.

"ნათელია რომ 90–ზე მეტი პროცენტით ეფექტური ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თავი უნდა იგრძნოთ უფრო უსაფრთხოდ. თუმცა, მე რეკომენდაციას გავუწევდი მოსახლეობას, რომ მალევე არ მიატოვონ ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის ამ დრომდე არსებული ზომები მას შემდეგ რაც აიცრებით“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. მისივე თქმით, ამ ზომებში შედის პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირების შენარჩუნება, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა.

"იმის გამო რომ ვაქცინა შესაძლოა 90-95%-ით ეფექტური იყოს, თქვენ არ იცით, იქნება თუ არა ის მაინც და მაინც თქვენზე ეფექტური. ეს პროცენტულობა იმას ნიშნავს, რომ 5-10% იმ ადამიანებისა, რომლებიც აიცრებიან, მაინც დაინფიცირდებიან ვირუსით“, – დასძინა მან.

ინფექციური დაავადებების სპეციალისტის ექიმ ბრუს ჰირშის განცხადებით კი, ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ სჯერა ვაქცინის, რის გამოც შესაძლოა ისინი არ აიცრან, ეს კი გავლენას იქონიებს საერთო საზოგადოების იმუნიტეტზე კორონავირუსის მიმართ, რაც პანდემიის გაგრძელების საფრთხეს ქმნის.

შეგახსენებთ, კომპანია Pfizer-მა და BioNtech-მა თავიანთი ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადეს, გუშინ კი კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ მათმა ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა