მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA: არასწორი ინფორმაცია “ფატალური შედეგების მთავარი გამომწვევი მიზეზია”

63ce950ccf466
BM.GE
23.01.23 18:03
620
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ყოფილი და ამჟამინდელი კომისრები 2023 წელს გამართულ სამიტზე “ინოვაციები მარეგულირებელ მეცნიერებაში” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი შედეგების შესახებ მსჯელობდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ელ. სიგარეტებისა და თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ჟურნალი Vaporvoice აქვეყნებს.

გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კომისრები მიიჩნევენ, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად FDA-ის, კლინიცისტების, პაციენტების დამცველებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევა არის საჭირო.

“ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, FDA-ს სჭირდება დახმარება”, - აღნიშნავს მარკ მაკკლელანი, 2002 - 2004 წლებში ადმინისტრაციის კომისარი.

მართალია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოების მიმართ საზოგადოებაში ნდობა დაბალია, თუმცა, ადამიანები კვლავ ენდობიან პირად ექიმებს, საზოგადოების ლიდერებს და მათ, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვთ - აღნიშნა მაკკლელანმა პანელური დისკუსიის დროს.

მიუხედავად ამისა, გარემოს კვლევისა და საყოველთაო ჯანდაცვის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აშშ-ში ექიმების 75% ნიკოტინს კიბოსა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, FDA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “მართალია, ნიკოტინი გარკვეულ ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, თუმცა ის არ არის კიბოსა და სხვა, მოწევასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი. სიგარეტის კვამლი 7000-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან 70-ზე იწვევს კიბოს”.

“მჯერა, რომ აშშ-ში სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ არასწორი ინფორმაციაა, რადგან ადამიანები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას და აკეთებენ არჩევანს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არასწორი და ზიანის მომტანია”, - აღნიშნავს რობერტ კალიფი, ადმინისტრაციის ამჟამინდელი კომისარი. მისივე განცხადებით, ადმინისტრაცია და საზოგადოება არ იყო მზად ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შედეგად საკომუნიკაციო არხებისთვის შექმნილი პრობლემებისა და გამოწვევებისათვის.

კალიფის მოსაზრებით, აკადემიური საზოგადოება უფრო მეტს უნდა აკეთებდეს არასწორ ინფორმაციასთან საბრძოლველად, რადგან მხოლოდ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და სხვა საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტოების კრიტიკით სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელია.

“რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც საჯარო ადმინისტრაციას უნდა გვაკრიტიკებდნენ. თუმცა, ის ადამიანები, რომელთა კრიტიკის მიზანს ადმინისტრაციის უკეთესობისკენ შეცვლა წარმოადგენს, ხშირად ვერ ხვდებიან, რომ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ კრიტიკას ისმენენ, სრულად კარგავენ ნდობას ადმინისტრაციის და სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ”, - განმარტავს კალიფი.

2021 წელს FDA-ის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯი, რომელიც მას ელ. სიგარეტების მოხმარების შედეგად ადგება, ყოველწლიურად 15 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რაც თითო მოსახლეზე გადაანგარიშებით $2000-ზე მეტია. ეს იყო პირველი კვლევა, რომელიც ელ. სიგარეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯებს ითვლიდა.

თუმცა, კვლევის დასკვნა, რომლის თანახმად, ელ. სიგარეტების მომხმარებელზე ყოველწლიურად 2 024 აშშ დოლარით მეტი იხარჯება, ვიდრე იმ ადამიანზე, რომელიც არ მოიხმარს თამბაქოს პროდუქტს - არასწორია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. როგორც ჩაკ დინერშტაინი, ამერიკის მეცნიერებისა და ჯანდაცვის საბჭოს (ACSH) მედიცინის დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგების მისაღებად, მეცნიერებმა შექმნეს მოდელი, რომელიც National Health Interview Survey (NHIS)-ს ეფუძნებოდა. ეს უკანასკნელი კი არის აშშ-ს მთლიანი მოსახლეობის კვლევა, რომელიც იყენებს დეტალურ კითხვებს ჯანდაცვისა და თამბაქოს პროდუქტების გამოყენების შესახებ.

სკოტ გოტლიბის, 2017-2019 წლებში ადმინისტრაციის კომისრის განცხადებით კი, ციფრულ სამყაროში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე რეაგირება კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს. მისივე მოსაზრებით, თამბაქოს ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, რომ ელ. სიგარეტების წინააღმდეგ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას თავისუფლად დაუპირისპირდეს.

ამჟამად ელ. სიგარეტების მწარმოებლებისთვის აკრძალულია რაიმე სახის განცხადებების გაკეთება, რომელიც ჯანდაცვის სფეროსა და ელ. სიგარეტებს ეხება, მათ შორის აკრძალული აქვთ იმის თქმა, რომ ელ. სიგარეტებს წვადი თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით აქვთ პოტენციალი შეამცირონ ზიანი.

2009-2015 წლებში ადმინისტრაციის კომისარი მარგარეტ ჰამბურგი კი აღნიშნავს, რომ მართალია დეზინფორმაციის გარშემო არსებული პრობლემებთან გამკლავება რთულია, თუმცა ადმინისტრაციას შეუძლია გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაეხმარება მას, დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება, რასაც ადმინისტრაცია ვერ აკონტროლებს, მას შეუძლია აღადგინოს მის მიმართ საზოგადოების ნდობა”, - აღნიშნა ჰამბურგმა.

ეს გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სფეროებში, სადაც ყველაზე მეტი წინააღმდეგობაა, აცხადებს მაკკლელანი.