მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-ს გადაწყვეტილება გახურებად თამბაქოსთან დაკავშირებით - აკაკი ზოიძის მოსაზრება

5f0c6fa0a653b
BM.GE
13.07.20 18:23
975
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე BMG-სთან საუბრობს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გახურებად თამბაქოს პროდუქტთან დაკავშირებით მიიღო.

კერძოდ კი FDA-იმ IQOS-ს მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის (MRTP) სტატუსი მიანიჭა და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი მწეველი მოსახლეობისთვის, რომელიც სიგარეტის მოხმარებას თავს ვერ ანებებს, უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს, რადგანაც ის ნაკლები მოცულობის მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ FDA-იმ ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კომპანიას განესაზღვრა კონკრეტული პირობები, რომლებიც მის მარკეტინგში უნდა იყოს დაცული. ამასთან, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს კვლევები, რომლებიც ამ პროდუქტის გრძელვადიანი მოხმარების შედეგებს აღწერს.

“აქ იყო ორი კატეგორია, ნაკლები რისკი ჯანმრთელობისთვის და მეორე, ნაკლები რისკი თავად ამ მავნე ნივთიერებების შეხებასთან დაკავშირებით. FDA-იმ პირველი კატეგორია მისცა, ანუ მავნე ნივთიერებების ნაკლები exposure. ანუ ასე ვთქვათ მიღება ამ მავნე ნივთიერებების ნაკლებად ხდება. შესაბამისად, ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ნაკლები ზემოქმედება აქვს ამ კონკრეტულ საშუალებას. მოთხოვნა იყო ორივე სტატუსის შესახებ ამ კომპანიის მხრიდან, რომ ასევე შეეფასებინა FDA-ს, როგორც ნაკლები რისკის მქონე ჯანმრთელობისათვის. ეგ სტატუსი არ მიანიჭა და მიანიჭა მხოლოდ ეს ნაწილი და ისიც იმ პირობებში, როდესაც ვთქვათ საუბარია იმაზე, რომ ადამიანებს უნდათ თავის დანებება თამბაქოს მოხმარებისთვის. იქ არის ბევრი დათქმა და პირობები დადებული იმისთვის, რათა მონიტორინგი გაკეთდეს, რომ ამით შეცდომაში შეყვანა არ მოხდეს მომხმარებლის.

სწორედ ამის მარკეტინგს აკეთებენ თამბაქოს კომპანიები, რომ თითქოსდა ეს ნაკლები რისკია ჯანმრთელობისათვის. მსგავსი არაფერი არ დაუწერია FDA-ს, მან დაწერა, რომ აქ არის ნაკლები რისკი ზემოქმედებისა, ანუ მოდიფიცირებული რისკია მავნე ნივთიერებების ზემოქმედების. მაგრამ, საბოლოოდ გრძელვადიანად თუ რას იწვევს ეს პროდუქტები, ამის თაობაზე არაფერი დასკვნა არ გამოუცია FDA-ს და პირიქით, ჯერ-ჯერობით ეს არის დაკვირვების თემა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ახალგაზრდებში არ დაიწყონ მოწევა, რათა არ მოხდეს მარკეტინგი ახალგაზრდებისთვის, რომ აქ ნაკლები რისკია და ამით შეიძლება ეს მოიხმაროთ. შესაბამისად, ამ დათქმებით არის მიღებული ეს გადაწყვეტილება,”- ამბობს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში გაკეთებული ჩანაწერი პროდუქტების ამ ჯგუფთან დაკავშირებით ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავებულ მოთხოვნებს აწესებს.

“ჩვენ ერთადერთი რა გამონაკლისიც დავუშვით იყო ის, რომ სანამ ევროდირექტივა იქნებოდა ამის თაობაზე, რომ გამაფრიხილებელი წარწერების ზომები ყოფილიყო განსხვავებულად. გამონაკლისი დაიშვა, რომ გამაფრთხილებელი წარწერების ზომა ყოფილიყო 30% და არა 60%, როგორც ეს არის მოთხოვნილი, ასევე სტანდარტული შეფუთვის მოთხოვნა არ ვრცელდება. ეს ორი გამონაკლისი ჩემი აზრით არის რაციონალური და ლოგიკური.

ამ წინადადებაზე დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ მიღებული იყო სწორედ ასეთი გადაწყვეტილება.
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი, მათ შორის ეს გახურებადი თამბაქოც, უკიდურესად მავნე ადამიანის ჯანმრთელობისათვის”- ამბობს აკაკი ზოიძე.

ამასთან, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ეწინააღმდეგება კანონში იმ ცვლილებების შეტანას, რომელიც გასული წლის ბოლოს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებით იყო წარდგენილი. მისი თქმით, ცვლილება რაც მომხმარებელთა ინფორმირებას გულისხმობდა, სინამდვილეში რეკლამის უფლების მიღებას წარმოადგენდა.

“ეს ყველაფერი არის სიტყვები, მოქნილი სიტყვები, რათა რეკლამა დაშვებულიყო. სხვა არაფერი. საკმარისად არის ინფორმირებული ის მომხმარებელი, რომელიც ამას მოიხმარს. ამას ორი აზრი არ აქვს. განცხადება, რომ თითქოს უნდა აუხსნა მომხმარებელს თუ როგორ უნდა მოიხმაროს ეს პროდუქტი,”- აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე.