09.ივნისი .2020 14:54

FDI 10-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

views 549
უკან

2020 წლის პირველ კვარტალში, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $165.4 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში კვარტალური ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 41.7%-ით ნაკლებია.

პირდაპირი უხოური ინვესტიციების მოცულობა დღევანდელზე მცირე მხოლოდ 2009 წლის პირველ კვარტალში იყო და ის $114.5 მილიონს შეადგენდა.

თუ 2019 წლის პირველ კვარტალში რეინვესტიციების წილი მთლიანი ინვესტიციების 37.5%-ს შეადგენდა, 2020 წლის პირველ კვარტალში რეინვესტიციებზე მთლიანი ინვესტიციების 81% მოდიოდა.

გასული წლების განმავლობაში ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა და ის $1.96 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო ($462 მლნ დოლარი), რაც შაჰ-დენიზის მილსანდენის მეორე ფაზის მშენებლობას უკავშირდებოდა, თუმცა ამ საინვესტიციო პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მნიშვნელოვანი ახალი ინვესტორი კი არ გამოჩენილა.

2018 წელს ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა და მან $1.26 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში საქართველოში ახალი ინვესტორის სახით ირლანდია გამოჩნდა, რაც "აჭარაბეთის" ირლანდიურ კომპანია Flutter-ზე გაყიდვას უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასულ წელს ირლანდიიდან ინვესტიციის სახით $132.7 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ეკონომიკის სექტორებს შორის, 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა საფინანსო სექტორში ჩაიდო და ის $94.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა და ის $73 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ყველაზე მეტად კი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში შემცირდა. პერიოდის განმავლობაში შემომავალი საინვესტიციო ნაკადების ნაცვლად, გამავალი საინვესტიციო ნაკადები იყო და ქვეყნიდან ინვესტორებმა $26 მილიონი დოლარი გაიტანეს.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიები მოხვდნენ უმსხვილესი ინვესტორების რიგებში. საქსტატის ინფორმაციით, წელსაც ტოპ 10-ეულში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდი” მოხვდა. RMC Copper-ი, მაგთიკომი, სილქ როუდ გრუპი და “ბიჯეო ჯგუფი” უმსხვილესი ინვესტორების რიგებში იმყოფებიან.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა