მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI-ის 66% არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ რეინვესტიციებზე მოდის

622b0ef4a13d3
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.22 12:57
1017

დღეს გამოქვეყნდა 2021 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში $1.15 მილიარდი დოლარი ჩაიდო, რაც 2020 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. საქსტატის განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.

თუმცა წინა წლების მსგავსად, ინვესტიციებს შორის ყველაზე მეტი წილი  - 66% მოდის რეინვესტიციებზე, რაც არსებული კომპანიების მიერ განხორციელებულ რეინვესტიციებს მოიცავდა.  უფრო ზუსტად, რეინვესტიციები 760 მილიონი დოლარი და FDI-ის 66% იყო. სააქციო კაპიტალის შენატანები 175 მილიონი დოლარი, სავალო ვალდებულებები კი 217 მილიონი დოლარი იყო. 

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, უწყება უშუალოდ არ უთითებს რომელ კომპანიაში რა ინვესტიცია ჩაიდო, ასევე არ უთითებს რიგითობას, თუმცა სიაში შესული ათივე კომპანია ინვესტიციების მხრივ TOP-ათეულშია.

სიაში ახალ ინვესტორებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია ENTAIN-ი, რომელმაც აზარტული თამაშების კომპანია “კრისტალბეთი” შეისყიდა და ამ მიმართულებით 200 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს თბილისი ენერჯი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს რუსთავის ფოლადი
• შპს მტკვარი ჰოლდინგი
• შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია (დაკავშირებულია ენერგო პროს ჯგუფთან)
• შპს ენთეინ ჯორჯია.

ასევე TOP-10 ინვესტორს შორის მოხვდა აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია, რომელიც "სითი მოლის" მფლობელია.

რაც შეეხება სექტორებს, ინვესტიციები ასე ნაწილდება:

საფინანსო სექტორი - $443 მილიონი დოლარი;
ენერგეტიკა - $157 მილიონი დოლარი;
დამამუშავებელი მრეწველობა - $143 მილიონი დოლარი;
უძრავი ქონება - $84 მილიონი დოლარი;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $28 მილიონი დოლარი;
მშენებლობა - $28 მილიონი დოლარი;
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მილიონი დოლარი;
სასტუმროები და რესტორნები - $8 მილიონი დოლარი;
ტრანსპორტი - $5 მილიონი დოლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - -$25 მილიონი დოლარი;
კავშირგაბმულობა - -$40 მილიონი დოლარი;
დანარჩენი სექტორები - $313 მილიონი დოლარი.

რამდენიმე სექტორში FDI უარყოფითია, რაც ქვეყანაში რეგისტრიებული კომპანიების მხრიდან მათი მშობელი კომპანიებისთვის გადახდილ დივიდენდებს და ვალის მომსახურებას უკავშირდება.