15.იანვარი .2021 21:30

FDI-ის მოზიდვა „წესების გარეშე“ - რაში ეთანხმება და რაში - არა ქეთი ბოჭორიშვილი პრემიერს?

FDI-ის მოზიდვა „წესების გარეშე“ - რაში ეთანხმება და რაში - არა ქეთი ბოჭორიშვილი პრემიერს?
views 602
უკან

“მოგვიწევს სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ოცნების“ მთავრობის დამტკიცებისას დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის კითხვას - „რას ვთავაზობთ ინვესტორებს“?

ვიდრე პრემიერთან და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან დავაზუსტებთ კონკრეტულად, საქმეში რას ნიშნავს ინვესტიციების წესების გარეშე მოზიდვა, bm.ge-მ საინვესტიციო სააგენტოს ყოფილ დირექტორს და ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილს ჰკითხა, როგორ შეიძლება ითარგმნოს გიორგი გახარიას სიტყვები და ზოგადად, რა აფერხებდა და აფერხებს საქართველოში მეტი ახალი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

ქეთი ბოჭორიშვილი ეთანხმება პრემიერ-მინისტრს იმაში, რომ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა და გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები ადრეც მოუსმენია და არ გამორიცხავს, სიტყვები სიტყვებად დარჩეს. მეტიც, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას არ აქვს საინვესტიციო სტრატეგია და საკმარისად არ ემუშავება ინვესტორებს, რაც ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადს ეტყობა. ამასთან, გარკვეულწილად კითხვებს იწვევს ფრაზა - „წესების გარეშე“.

„დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრს სურდა, პოზიტიური თვალსაზრისით ეთქვა, რომ ინვესტიციების მოზიდვისას იქნებიან არაორდინალურები, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ინვესტიციები წესების გარეშე უნდა მოვიზიდოთ და ასე ვიმუშაოთ. ეს შემაშფოთებელია, თუმცა არ მინდა სიტყვებზე გამოვეკიდო. ვფიქრობ, ქვეყანაში მნიშვნელოვანია იყოს ნათელი და ცხადი წესები და განჭვრეტადი ბიზნეს-გარემო. ჯამში, როგორც ჩანს, პრემიერმა იგულისხმა ის, რომ მეტად უნდა იმუშაონ ინვესტორებთან და მინიმუმამდე შემცირდეს ბიუროკრატიული ბარიერები. იმედი მაქვს, ეს განცხადება მორიგ სიტყვებად არ დარჩება, რადგან ასეთი ფრაზები ბევრი წელია გვესმის. გიორგი გახარია იყო ეკონომიკის მინისტრიც და ძალიან კარგად იცის ინვესტორებთან მუშაობა, მაგრამ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და შედეგების დანახვაა საჭირო“, - აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ყველა წევრმა და საჯარო მოხელემ კარგად გაიაზროს ინვესტიციების მნიშვნელობა ქვეყანაში, რათა საქართველომ არ დაკარგოს საინვესტიციო მიმზიდველობა, რაც ნიშნავს ნაკლები სამუშაო ადგილის შექმნას.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ვერ ვხედავ, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა ქვეყნის სტრატეგიაა და ეს ეტყობა შედეგებს. გასაგებია, რომ შესაძლოა, იყოს ჩავარდნილი კვარტლები, როცა ქვეყანაში FDI მცირდება, მაგრამ როცა რამდენიმე წელი გადის და, ფაქტობრივად, ვერ ვხედავთ მსხვილ ახალ ინვესტორებს, ეს პრობლემაა და საგანგაშოა“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.



ცნობისთვის: 2020 წლის 9 თვეში ინვესტიციების ჯამური მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, საერთო მაჩვენებლის კლება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების კატეგორიებში. ყველაზე მიმზიდველი ინვესიტიციებისთვის საფინანსო სექტორია, ხოლო შემდგომ მოდის უკვე სამთომოპოვებითი მრეწველობა; დამამუშავებელი მრეწველობა; ენერგეტიკა; მშენებლობა და უძრავი ქონება, თუმცა მათი პროცენტული წილები 10%-ს არ აღემატება მაშინ, როცა საფინანსო სექტორის წილი 42%-ია. მთავარ ინვესტორ ქვეყნებს თუ შევხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ: გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, აშშ, თურქეთი და პანამა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა