მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI, ვაჭრობა, ტურიზმი - რა კავშირი გვაქვს ბელარუსთან?

6335595277392
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.22 12:52
696
დეფაქტო აფხაზეთს 29 სექტემბერს, არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჩავიდა. დეფაქტო აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ბელარუსი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობს. აღსანიშნია, რომ თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასლან ბჟანიას რეგალია მითითებული არ იყო. თუმცა ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ეკონომიკურ პროექტებსა და თანამშრომლობის საკითხების პერსპექტივებზე ისაუბრეს. გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აღნიშნული ფაქტის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი დაიბარეს. დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო და განაცხადა, რომ „ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს“.

როგორია საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები და რა როლს თამაშობს ბელარუსი ქვეყნის ეკონომიკაში - BM.GE ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ქვეყნების საინვესტიციო, სავაჭრო და ტურიზმის სურათს წარმოგიდგენთ. ეს მაჩვენებლები მით უფრო საინტერესო რუსეთ-უკრაინის ომის პირობებშია.

როგორია ბელარუსული ინვესტიციების დინამიკა საქართველოში?

საქსტატის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პორტალზე კარგად ჩანს, რომ ბელარუსული ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში მცირეა. მაგალითისთვის, გასულ 2021 წელს 1.3 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2020 წლის FDI-ის 70.3%-ით ჩამორჩება. თუმცა პანდემიამდელ წლებში ინვესტიციები 1 მლნ დოლარსაც ვერ აღწევდა.

2022 წლის პირველ ნახევარში კი ბელარუსიდან ჯამში 1.825 მლნ დოლარი შემოვიდა. ეს კი არა თუ გასული წლის 2 კვარტლის, არამედ ბელარუსიდან შემოსული წლიურ ინვესტიციებს აღემატება. აღსანიშნია, რომ ინვესტიციების ძირითადი მოცულობა 1.562 მლნ დოლარი ქვეყანაში მეორე კვარტალში შემოვიდა.

სავაჭრო ბრუნვა - რას ვყიდით და ვყიდულობთ ბელარუსში?

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 26.3%-ით 85.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში საანგარიშო პერიოდისთვის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი, ექსპორტს მცირედით აღემატება. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ბელარუსში სხვადასხვა საქონლის შესაძენად 48.9 მლნ დოლარი გავიდა. ეს კი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 44.4%-ით მეტია.

TOP-10 იმპორტირებული საქონელი:

1. რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 7.8 მლნ დოლარი, 2 513 ტონა;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 6.7 მლნ დოლარი, 5 170 ტონა;
3. ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან - 3.3 მლნ დოლარი, 4 977 ტონა;
4. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 2.5 მლნ დოლარი;
5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 2.4 მლნ დოლარი, 165 ტონა;
6. მავთულები იზოლირებული - 1.7 მლნ დოლარი, 275 ტონა;
7. ალაო მოხალული ან მოუხალავი - 1.6 მლნ დოლარი, 2 939 ტონა;
8. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები - 1.4 მლნ დოლარი, 1 299 ტონა;
9. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.3 მლნ დოლარი, 672 ტონა;
10. მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან - 899 ათასი დოლარი, 368 ტონა;

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ ბელარუსში საქონლის რეალიზებით 36.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელს 8.2%-ით აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსთან ექსპორტი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა.

TOP-10 საექსპორტო საქონელი:

1. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 6 მლნ დოლარი, 1 516 ტონა;
2. თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 4.5 მლნ დოლარი, 1 371 ტონა;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 3.9 მლნ დოლარი, 8 344 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3.3 მლნ დოლარი, 1 095 ტონა;
5. მსუბუქი ავტომობილები - 3.1 მლნ დოლარი;
6. სატვირთო ავტომობილები - 2.8 მლნ დოლარი;
7. ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 2.8 მლნ დოლარი, 1 488 ტონა;
8. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეცდანიშნულების ავტომობილების ნაწილები - 1.5 მლნ დოლარი, 111 ტონა;
9. ნაწილები განკუთვნილი შიგაწვის ძრავებისათვის - 1.1 მლნ დოლარი, 30 ტონა;
10. თხილი და სხვა კაკალი - 1.1 მლნ დოლარი, 204 ტონა.


რამდენი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა ბელარუსიდან 8 თვეში?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბელარუსიდან საქართველოში 89 214 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ეს კი 2021 წლის მონაცემებს 178.7%-ით, პანდემიური 2020 წლისას 695.3%-ით აღემატება, 2019 წელთან შედარებით კი ბელარუსიდან ტურიზმი 93.8%-ით აღდგა.