მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური კავშირები?

6310bb606ebf1
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.22 18:35
733
ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები - ამ საკითხებზე ისაუბრეს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ბულგარეთის ახალმა ელჩმა საქართველოში ვესელინ ვალკანოვმა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველო-ბულგარეთს შორის ვაჭრობის ზრდაზე გამახვილდა. ამასთან, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ბულგარული კაპიტალით 140 კომპანია ფუნქციონირებს. შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი, სადაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ასევე დიდი პოტენციალია.

როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის მაჩვენებლები - ინვესტიციები, სავაჭრო ბრუნვა და ტურიზმი. საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ბულგარეთიდან 2.3 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 779 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

რაც შეეხება ვაჭრობის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ბულგარეთმა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში 3.6%-იანი წილით, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ქვეყნებს შორის საქონლით ვაჭრობის ბრუნვამ კი 363 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 62.7%-ით მეტია. აღსანიშნია ისიც, რომ ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვის დიდი ნაწილი 235 მლნ დოლარი ექსპორტზე მოდის. შედეგად ბულგარეთმა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეექვსე ადგილი დაიკავა. საქართველოსთვის ბულგარეთში ექსპორტირებული საქონლით მიღებული შემოსავალი კი 2021 წლის 7 თვესთან შედარებით 84.7%-ით გაიზარდა.

ბულგარეთში რეალიზებული საექსპორტო საქონელში საქართველოსთვის ამ პერიოდში უმთავრესს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენდა. ამ მიმართულებით ქვეყნიდან გატანილი 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 221.4 მლნ დოლარი, 88 247 ტონა;
2. სპილენძის ჯართი და ნარჩენები - 3.4 მლნ დოლარი, 380 ტონა;
3. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 2.8 მლნ დოლარი, 1 003 ტონა;
4. ნახშირბადიანი ფოლადის წნელები - 1.8 მლნ დოლარი, 1 898 ტონა;
5. სატელეფონო აპარატები - 1.5 მლნ დოლარი.

იმპორტის მიხედვით კი ბულგარეთი, მიმდინარე წლის შვიდი თვის სტატისტიკით, საიმპორტო ქვეყნების ათეულში არ მოხვდა. 2022 წლის იანვარ-ივლისში კი საქართველოდან ბულგარეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ჯამში 127.7 მლნ დოლარი გავიდა. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 85.1 მლნ დოლარი, 85 096 ტონა;
2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 5.5 მლნ დოლარი, 251 ტონა;
3. საქონელი ატრაქციონებისთვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 3.5 მლნ დოლარი, 51 ტონა;
4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 2.3 მლნ დოლარი;
5. ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - 1.9 მლნ დოლარი, 5 072 ტონა.

რაც შეეხება ტურიზმის მაჩვენებლებს, ბულგარეთიდან მიმდინარე წლის 7 თვეში ბულგარელი ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა სულ 3 391 შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ეს რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდის სტატისტიკას 75.3%-ით, 2020 ანუ პანდემიურ წელს კი 28.1%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 44.3%-ით ნაკლებია.