მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-ის გადაწყვეტილებამდე Walmart-მა ბირჟაზე $5 მილიარდის ობლიგაციები გამოუშვა

6318a37b644a0
გიორგი თოლორდავა
07.09.22 18:00
709
სუპერმარკეტების უმსხვილეს ქსელ Walmart-ს ბირჟაზე 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციები გააქვს, კუპონის განაკვეთი 3.9-4.5%-ის ფარგლებშია, პერიოდი კი 2025-52 წლებს შეადგენს.

ობლიგაციების გამოშვების მიზანი კაპიტალის ბაზრიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანია ობლიგაციების მყიდველების წინაშე ვალს იღებს, სანაცვლოდ კი, კუპონის განაკვეთს იხდის, საკონტრაქტო პერიოდის ბოლოს კი - თანხის სრულ მოცულობას აბრუნებს.

ექსპერტების შეფასებით, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარულ პოლიტიკასთან. მოსალოდნელია, რომ კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75-100 საბაზო პუნქტით გაიზრდება, რაც ქვეყნის მასშტაბით საბანკო კრედიტების გაძვირებას გამოიწვევს.

კაპიტალის ბაზარი და ობლიგაციები კი კომპანიებისთვის თანხის მოძიების ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ არ იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და საბანკო პოლიტიკაზე დამოკიდებული.

ბოლო პერიოდში ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება მიიღეს სხვა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმაც, მათ შორისაა: Target, McDonald’s, Dollar General და Lowe’s Cos.

კაპიტალის ბაზრიდან მოზიდულ თანხას Walmat-ის მენეჯმენტი ბიზნესის გასავითარებლად და ახალი პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი Walmart Plus-ია - ყოველთვიური გამოწერის პროგრამა, რომელიც კონკურენციას Amazon Prime-ს უწევს. აქვე აღსანიშნავია, რომ Walmart-ი Paramount-თან ერთად სტრიმინგ-სერვისების ბაზარზე შედის.

ობლიგაციების განთავსების სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა პოზიტიურად მიიღეს: საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Walmart-ის აქციების ღირებულება თითქმის 1.5%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ Walmart-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 365 მილიარდ დოლარს აღწევს.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.