მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-ის წარმომადგენლები რეფინანსირების განაკვეთის დამატებით ზრდას არ გამორიცხავენ

62f4bfd60c29f
გიორგი არონია
11.08.22 12:48
1501
როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში შენელებული ინფლაციის ფონზეც არ არის გამორიცხული, - ამის შესახებ Reuters-ი FED-ის სხვადასხვა უწყებების რამდენიმე წევრის განცხადებებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემაში ჩართული ბანკირების შეფასებით, FED-ს ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თავი გამარჯვებულად რომ გამოაცხადოს - მათი შეფასებით, ამერიკის ეკონომიკას გაგრილება სჭირდება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, ამის ერთ-ერთი გზაა.

შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადებებით ბანკირები აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ ამ კვირას გავრცელებულ ანგარიშს ეხმიანებიან, რომელშიც აღინიშნა, რომ ივნისთან შედარებით, ივლისში სამომხმარებლო ფასები საერთოდ არ გაზრდილა, რაც ცხელ შრომის ბაზართან და აქციების მზარდ ფასებთან ერთად, ეკონომიკის გადახურების ეჭვებს აჩენს.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი ფედერალური სარეზერვო სისტემის მინეაპოლისის ბანკის ხელმძღვანელი ნილ კაშკარია, რომელმაც განაცხადა, რომ „ცვლილებებს ვერ ხედავს“ და მიაჩნია, რომ წლის ბოლომდე, რეფინანსირების განაკვეთის 3.9%-მდე, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის - 4.4%-მდე უნდა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დაწესებული რეფინანსირების განაკვეთის მაჩვენებელი 2.25%-2.5%-იან შუალედში მერყეობს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნილ კაშკარი FED-ის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეხედულებების მქონე წარმომადგენელია და შესაბამისად, მისი შეხედულებები, როგორც წესი, უფრო რადიკალურია. კაშკარის თვრამეტი კოლეგიდან უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მონეტარული პოლიტიკის მცირედი გამკაცრებაც საკმარისი იქნება.

ასე ფიქრობს ფედერალური სარეზერვო სისტემის სან-ფრანცისკოს ბანკის ხელმძღვანელი, მერი დეილიც - მისი აზრით, ინფლაციაზე გამარჯვების გამოცხადება ჯერ ნაადრევია. დეილის მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის 50 საპროცენტო პუნქტით გაზრდა საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ის არც იმ სცენარს გამორიცხავს, რომლითაც FED-ი სექტემბერში მონეტარულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გაამკაცრებს, კვლავაც 0.75%-ით.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეთანხმება ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩიკაგოს ბანკის ხელმძღვანელი, ჩარლზ ევანსიც - მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთი FED-მა მიმდინარე წელს 3.25%-3.5%-მდე უნდა გაზარდოს, ხოლო მომავალი წლის ბოლოსთვის 3.75%-4%-მდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაახლოებით ისეთივე პათოსია, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა გააჟღერა, ივლისში გამართული სხდომის შემდეგ.