მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-მა $1.5 ტრილიონის სტიმულირების პაკეტი წარადგინა

5e6b59ca409a2
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.20 16:30
1252
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, საფინანსო სექტორის დახმარების პროგრამა გააფართოვა. ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი ინვესტორთა ნდობის აღდგენისა და საფინანსო სისტემის ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის დამატებით 1.5 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პროგრამას იწყებს.

გუშინ, 12 მარტს, გლობალურმა საფინანსო ბაზარმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, უოლ-სტრიტზე კი ვაჭრობა დროებით შეჩერდა.

აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსების დანაკარგები ასეთია: Dow Jones-ის ინდექსი ვარდნა 10%; S&P 500-ის ინდექსი 9.5%-ით შემცირდა, Nasdaq-ის ინდექსი კი 9.4%-ით დაეცა.

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიების აქციების მკვეთრი გაუფასურება დონალდ ტრამპის მიერ ევროპასთან, კონკრეტულად კი შენგენის ზონასთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადებას მოყვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით დაძაბულობით დაიწყო - ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიუღწევლობას, გლობალურ ბაზარზე ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულების 30%-იანი შემცირება მოყვა, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა იყო. 9 მარტს ამ მოვლენას, გლობალურ საფინანსო ბაზრებზე წამყვანი ინდექსების 7-8%-იანი ვარდნა მოყვა.

გუშინ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნა განიცადა ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანმა FTSE 100-ის ინდექსმა და ის 10.87%-ით შემცირდა. გერმანიის წამყვანი Dax-ის ინდექსი კი 12.24%-ით შემცირდა.