მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერადკანიან სტუმრებს ქვეყანაში არ უშვებენ" - TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენელი

5e1d9c65a97cf
ინგა მურუსიძე
14.01.20 14:34
2098
არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტურისტების ნაკადის შემცირება, სავარაუდოდ, მესაზღვრეების ქსენოფობიურ დამოკიდებულებას უკავშირდება, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "საემიროებთან დაკავშირებით ტურისტულმა სექტორმა ბოლო წლებში საკმაოდ ამოისუნთქა, თუმცა 2019-2020 წლებში სტატისტიკა გაუარესდა".

„სამწუხაროდ, 2019 წელს საემიროებიდან ვიზიტორების დაახლოებით, 15%-იანი კლება იყო. ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის, სავარაუდოდ, ქსენოფობიური დამოკიდებულება ჩვენი მებაჟეების მხრიდან, როცა ფერადკანიან სტუმრებს არ უშვებენ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე შეძენილი აქვთ ბილეთი მეორე გზისთვის, ასევე ტურისტული მომსახურეობის პაკეტი, სასტუმრო და ყველაფერი, რაც შეიძლება მათ ქვეყნის სანახავად დასჭირდეთ; თუმცა მათი გაბრუნება ხდება საზღვრიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ამაზე პასუხს შსს არ იძლევა და ამბობენ, რომ უსაფრთხოებაზეა საუბარი. რა უსაფრთხოებაზე შეიძლება იყოს საუბარი და როგორ შეიძლებოდა ინდუსი წარმოადგენდეს საფრთხეს ქვეყნისთვის, როცა ეს ის ხალხია, რომლებიც ყველაზე მშვიდობიანები და შრომისმოყვარეები არიან“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ის ამბობს, რომ "ნებისმიერი უსაფუძვლოდ გაბრუნებული ვიზიტორი შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება".

ცნობისთვის, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტორების რიცხვი წლიურად 15.3%-ითაა შემცირებული. ამაზე bm.ge-ისთან ჰოტელიერმა შალვა ალავერდაშვილმაც ისაუბრა.

„დუბაი არის ადგილი, სადაც ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და ნებისმიერი უარყოფითი რაღაც, რაც საქართველოში ხდება, იგივე საზღვარზე არშემოშვების ფაქტები და ა.შ. გავრცელდა იქაც. ჩვენ ეს ერთ-ერთი წარმატებული ბაზარი, საიდანაც მაღალშემოსავლიანი ვიზიტორები საქართველოში 2-3 დღით ჩამოდიოდნენ, დავკარგეთ. ასევე 2017 წლის მერე ირანელ ვიზიტორებს დავუწყეთ „ბრძოლა“ და გაყრა. შესაბამისად, რა გვინდა ვერ მივხვდი“, - ამბობს ალავერდაშვილი.

Bm.ge-ისთვის დაზუსტებით ცნობილი არაა,  არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტების კლების მიზეზი საქართველოს საზღვარზე შექმნილი პრობლემებია თუ - არა და როგორია გაბრუნების სტატისტიკა, რადგან თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018-2019 წლებში გასცემდა დეტალურ საჯარო ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებს ყველაზე ხშირად არ უშვებენ საქართველოში, ვახტანგ გომელაურის უწყებამ აღნიშნული სტატისტიკა დახურა და მხოლოდ ჯამური რიცხვი მოგვაწოდეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 24,281 მოქალაქეს ეთქვა, რაც 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.