მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერები სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის 2010 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ

570bab06d5e89
BM.GE
11.04.16 17:45
1564
ფერმერები სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის 2010 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ. ახალი ტარიფები, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს, ფერმერების კრიტიკის საგანი გახდა. კერძოდ, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, სახნავ-სათესებზე საძოვრებსა და სათიბებზე ახალი ტარიფები განისაზღვრა, რაც რაიონული პრინციპით დაიყო.
 
ფერმერთა დიდი ნაწილი მიწების გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვს. მათი განმარტებით, ახალ განაკვეთზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომელიც შესწავლილი და დასაბუთებული იქნება. მოთხოვნებით ფერმერებმა პეტიციაც შეიმუშავეს. აღნიშნულ საკითხს “ბიზნესკონტაქტთან“ მეწარმეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბექა გონაშვილი მიმოიხილავს.

- ბატონო ბექა, ნაკლოვანება რაში მდგომარეობს და მოთხოვნის ძირითადი ასპექტი რა არის?

- როდესაც პირველად მოხდა ამ გადასახადების შემოღება ეს იყო მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილება გაჩნდა, რომ გადასახადები უნდა აკრეფილიყო, მაგრამ მაშინ გადასახადის დაწესება იმის გამო მოხდა, რომ სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ასამაღლებლად ამ გადასახადებით ასევე უნდა მოხდენილიყო იმ ფერმებთან ელექტროენერგიის მიყვანა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ. ეს. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. წლების განმავლობაში ეს გადასახადი ჩვეულებრივ ბეგარად იქცა. ახალი ცვლილების მომზადება დაახლოებით 2011 წელს მოხდა და საგადასახადო კოდექსი ამ გადასახადს არ განსაზღვრავდა. ამას მთავრობის დადგენილება განსაზღვრავდა, სადაც თავდაპირველ რედაქციაში მწირი და კარგი მიწები დაყოფილი იყო მაგრამ შემდეგ რედაქციაში ეს უკვე საერთოდ აღარ გვხვდება. არის ერთი უნიფიცირებული გადასახადი, უბრალოდ განსხვავებებია რაიონების მიხედვით. ზოგიერთ ადგილას კარგი ბალახოვანი საფარია, ზოგან არ არის და ა.შ. აქედან გამომდინარე კი, მიზანშეწონილი არ არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც რაიონული, მუნიციპალური მასშტაბებით იყოს გადასახადებში განსხვავება.

- გასაგებია, რომ პეტიცია შესაბამის სტრუქტურებს მიეწოდება, თუმცა როგორია თქვენი დამოკიდებულება და მოლოდინები?

- სიმართლე რომ გითხრათ არც პეტიცია და არც იდეა არ არის იმისკენ მიმართული რომ გინდა თუ არა ამ გადასახადს ჩვენ ხვალ ვიღაც მოგვიხსნის. ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ ამ კუთხით მუშაობა დღეს თუ არა ხვალ მაინც აუცილებლად დასაწყებია.

თუ ბევრი ფერმერი გავერთიანდებით, ამ იდეით შესაძლებელი იქნება პარლამენტსაც მივმართოთ. 2013 წლიდან იგივე ეს დადგენილება გაუქმდა და საგადასახადო კოდექსში შევიდა, ანუ მან ყველა საკომიტეტო მოსმენა გაიარა.

- მთავრობის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან თუ გქონდათ შეხვედრა?

- ამ გადასახადებზე ძალიან ხშირად აღვნიშნავ პირად შეხვედრებზე, მაგალითად შარშან დეკემბერში ეკონომიკურ გუნდთანაც იყო შეხვედრა. უბრალოდ საბუთი არ არსებობს, ჩვენი მიდგომა ძალიან მარტივია. თუ ამ გადასახადებმა მოიმატა, რა მნიშვნელობა აქვს როდის, უბრალოდ კვლევა დაიდოს, დოკუმენტი თუნდაც ერთგვერდიანი და გვაჩვენონ რატომ გაიზარდა ეს გადასახადები, რისი მიხედვით მოხდა ფასების აწევა და თუ არ არსებობს, მაშინ ეს უკან დავაბრუნოთ და ახალზე მუშაობა დავიწყოთ. ამაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი გასაკეთებელია.

- მწარმოებელთა ფედერაციაზე მინდა გკითხოთ, აბსოლუტურად იზიარებთ იმ პათოსს, რაც მწარმოებელთა ფედერაციას აქვს, სად არის ნაკლოვანებები და ამ კუთხით რა სახის მუშაობაა საჭირო?

- ვინაიდან ამ ფედერაციის პრეზენტაცია სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ შედგა, ნაკლოვანებებზე საუბარი ჯერჯერობით ადრე იქნება. მე პირადად, როგორც ადამიანს, მოქალაქეს, ქართველს მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი წარმოება იყოს და ადგილობრივი წარმოების პროდუქციას ვიყენებდეთ, როგორც საკუთარ ოჯახში, ისე ცხოვრებაში. ასეთია ჩემი პირადი სურვილი და ინტერესი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ იმის გამო შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთთან ჩვენი საკუთარი წარმოებების უფრო მეტი პოპულარიზაცია გაგვეწია. იგივე მეკვერცხეთა ასოციაციას და მეცხვარეთა ასოციაციას გადასახადის კუთხით შეიძლება ერთნაირად ეხებოდეს. ჯობია, რომ ასეთი პოზიციები ყველამ ერთნაირად გამოიტანოს. ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ, რომ უფრო მობილიზებულები ვიყოთ თუნდაც სახელმწიფოსთან საურთიერთობოდ. რაც გასაკეთებელია, ამას ფედერაცია და ასოციაცია არ უნდა სჭირდებოდეს, ყველამ ადგილობრივ წარმოებას უნდა დაუჭიროს მხარი.