მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფერმერებმა მიმართონ სამინისტროს“ - მალფუჭებადი ტვირთები საბაჟოზე ოპერატიულად გავა

6287ef34aa8dd
ალა ისპირიანი
20.05.22 23:30
1836
მალფუჭებად ტვირთებს საბაჟოზე ოპერატიულად გაატარებენ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ Bm.ge-სთან განაცხადა, ფერმერები, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ და მათი პროდუქციით დატვირთული ტრაილერი საბაჟო გამშვებ პუნქტზე რიგში დგას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან ასოციაციას გააგებინონ, რადგან მათი პროდუქცია საბაჟოზე მალე გავიდეს.

„რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ გამოიწვია ის, რაც ჩვენს კორიდორში ხდება, კერძოდ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რიგებია. განსაკუთრებით ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი მინდა გამოვყო, ოღონდ რუსეთის მხარეს. 10 დღის წინ დაიწყო პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოსავლის აღება და მნიშვნელოვანია ქვეყნიდან საექსპორტო პროდუქცია სწრაფად გავიდეს. არის მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც უკვე გამზადებულია საექსპორტოდ და თუ ის მალე არ გავიდა ფერმერებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

აქამდე პრიორიტეტულად მალფუჭებად ტვირთებს ვერ ატარებდნენ, ამიტომ  მივმართე სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას და ავუხსენი რამდენად რთულ სიტუაციაში ჩავარდებოდნენ ფერმერები. მისი დახმარებით მეორე დღეს თენგიზ კალანდაძის (სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ხელმძღვანელობით შედგა შეხვედრა, სადაც საპატრულო პოლიციის მოადგილე, კახა ბუხრაძე და საბაჟოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მე ვიყავი და ექსპორტიორთა ასოციაცია ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით. ავუხსენით თემის სიმწვავე, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ისინი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ექსპორტიორ კომპანიებზე, ეს ჯაჭვურად გადავიდოდა მცირე ფერმერებსა და გლეხებზე, ვისაც პროდუქციის ცოტა რაოდენობა მოჰყავთ. თუ ეს პროცესი შეჩერდებოდა [რიგები დიდი ხნით], კომპანიები ვერ შეძლებდნენ შესყიდვას და უბრალოდ საქართველოში მალფუჭებადი პროდუქციას სწრაფად ვერ გაყიდდნენ, რაც საფრთხის შემცველი იყო.

შეხვედრის შემდეგ მალფუჭებადი პროდუქტების ჩამონათვალი გააკეთეს, რომ ისინი პრიორიტეტულ ჯგუფში ჩაესვათ. დღეს დილით გვითხრეს, რომ პრიორიტეტული ტვირთების შესახებ მათთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაიყვანეს ტვირთები და დღეს უკვე გადავლენ მეორე მხარეს. პრობლემა საკმაოდ ოპერატიულად მოგვარდა და მადლობა ამისთვის მინისტრს.

იმ ფერმერებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ, შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართონ, მათ შორის ჩვენს ასოციაციასაც და დახმარებას გავუწევთ, რათა მათი გაჩერებული მანქანები, რომელიც მალფუჭებადი პროდუქტითაა დატვირთული, ოპერატიულად გავიდეს.

მადლობა მინდა საბაჟო გამშვებ პუნქტს გადაუხადო, რადგან 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართული და ჩვენი მხრიდან შეფერხება არ იქნება. როგორც კი რუსეთიდან იქნება მიღების შესაძლებლობა (ლარსის გამშვებ პუნქტზე მაქვს საუბარი), მომენტალურად გაუშვებენ. ჩვენი გამტარობა ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის მხარეს", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ფერმერების კომუნიკაცია სამინისტროსთან ან ასოციაციასთან, ივა ჭყონიამ განმარტა, რომ ამის მოგვარება სატელეფონო საუბრითაც შეიძლება: "თუ მათ მალფუჭებადი პროდუქტი აქვთ და მოგვაწვდიან დეკლარაციის ნომერს და მძღოლის ავტომობილის ნომერს, ამის საფუძველზეც მოხდება რეაგირება, რადგან ფორსმაჟორული სიტუაციაა". 

ცნობისთვის, ორი დღის წინ ივა ჭყონიამ "საქმის კურსში" განაცხადა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტრაილერების რიგები იყო და 600-მდე ტრაილერი წითელ ხიდზე იყო გაჩერებული.