მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროს მწარმოებლების 80% გაჩერებულია, ასეთი კრიზისი დარგს არ ახსოვს -ასოციაცია

644002fb61d41
ანუკა ჯოხაძე
22.04.23 23:20
8156
ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების 80%-მა მუშაობა შეაჩერა, სამსახურის გარეშე კი 2000-მდე ადამიანია დარჩენილი. ამის შესახებ BM.GE-ის ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა. როგორც კევლიაშვილი ამბობს, ევროპაში ენერგომატარებლების დეფიციტმა მეტალურგიული ქარხნების გაჩერება ან წარმოების შემცირება გამოიწვია შესაბამისად, გაჩნდა ჭარბი სილიკონ-მანგანუმი, რის გამოც მასზე ფასი განახევრდა. მისივე თქმით, მსგავსი გრძელვადიანი კრიზისი დარგს არ ახსოვს.

“მსოფლიოში არაფერი არ შეიცვალა და ჩვენს ბაზარზეც კრიზისი გრძელდება. ასეთი გრძელვადიანი კრიზისი ამ სფეროში არავის არ ახსოვს. 2 ათასამდე ადამიანია ამ ეტაპზე სექტორში დასაქმებული, მათგან ზოგიერთი ხელფასის ნაწილს იღებს ან მინიმალურ ოდენობას. ყველაფერს თავისი ვადა აქვს თუ უსასრულოდ გაგრძელდა ეს პროეცესი, საწარმოებმა უბრალოდ ვეღარ შეძლონ ამ ხალხის შენახვა”,-აცხადებს კევლიშვილი.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში წლიურად ფეროშენადნობების ექსპორტი 3.3-ჯერ არის შემცირებული. თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა მხოლოდ 20.8 მლნ დოლარი შეადგინა, 2022 წლის იმავე პერიოდში კი საქართველოდან 69 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ფეროშენადნობის ექსპორტი განხორციელდა.

როგორც დარგობრივ ასოციაციაში ამბობენ, სილიკონ-მანგანუმის ფასი 2400 დოლარიდან 1200 დოლარამდეა შემცირებული.

“ერთ წელზე მეტია ფასი სილიკონ-მანგანუმზე მოდის ქვევით. შარშანდელ მარტის მონაცემებთან შედარებით ფასი განახევრებულია. 2400 დოლარიდან გახდა 1200 დოლარი. ამასთან, ნედლეულზე ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა. თვითღირებულება ძალიან მაღალია. შესაბამისად, აზრი არ აქვს ამ სექტორში საქმიანობას და უმძიმეს კრიზისშია დარგი”,-ამბობს ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

2023 წლის თებერვლიდან ფეროშენადნობების საექსპორტო ბაზრებს გამოეთიშა რუსეთი. ტოპ სამ ქვეყანას შორის კი არის აშშ, თურქეთი და ალჟირი.
ქართველი ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ძირითადი საექსპორტე ბაზარი 2023 წლის 23 იანვრამდე რუსეთი იყო. ამ ბაზარზე ექსპორტის მოცულობის 40% მოდიოდა. თუმცა მას შემდეგ რაც ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა, რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ჩაიკეტა.