მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობთა ასოციაცია რუსეთში ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს

62b1da2523e4c
მარიამ ვარადაშვილი
21.06.22 23:20
877
5 თვეში საქართველოს ჯამურმა ექსპორტმა 2.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 37.4%-იან ზრდას ნიშნავს. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში ფეროშენადნობების ექსპორტი წლიურად 98%-ით 285 721 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მისმა წილმა მთლიან ექსპორტში 13% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, ფეროშენადნობების ყველაზე მსხვილი ბაზარები აშშ, რუსეთი და თურქეთი იყო. კერძოდ, მოცემულ პერიოდში აშშ-ში - 130.4 მლნ დოლარის, რუსეთში - 79.3 მლნ დოლარის, ხოლო თურქეთში 34.5 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. 

"წელს მოხდა ის, რასაც ამდენ ხანს ვცდილობდით - აშშ-სა და ევროპაში ფეროშენადნობების საერთო ექსპორტმა რუსეთში ექსპორტს გადააჭარბა. რაც შეეხება რუსეთს, ამ ეტაპზე მოთხოვნა, ჯერჯერობით, არის, თუმცა ალბათ შემოდგომაზე რუსეთის ბაზარს დაეტყობა, როცა სანქციები ეკონომიკის ყველა სფეროს შეეხება. ეს რასაკვირველია, ფეროშენადნობების ბაზარსაც დაეტყობა”, - აცხადებს "საქმის კურსთან" ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი ნუგზარ კევლიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, დსთ-ს ქვეყნებს ფეროშენადნობების მთლიან ექსპორტში 35-40%-იანი წილი აქვს და ამ ბაზრის ჩანაცვლება რთული იქნება. “ინტერესი მოლაპარაკებამდე არ მიდის, მაგრამ აზიაც დაინტერესებულია ფეროშენადნობებით და შესაძლოა, გარკვეულ დონეზე აზიური ბაზრის ათვისებაც მოხდეს”, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფეროშენადნობებზე არსებულ ფასს, ნუგზარ კევლიშვილის ინფორმაციით, ახლა ახლა ერთი ტონა 1 600 - 1 700 დოლარი ღირს, რაც ნორმალურია. ფასის დროებით რეკორდულ ზრდას კი, ის გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.

როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, თებერვალში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ბაზარზე პანიკური შესყიდვები დაიწყო, რის გამოც ტონაზე ფასმა 2 ათას დოლარს გადააჭარბა. 

"ახლა ევროპაში მეტალის წარმოება შემცირდა. ამას თავისთავად მოჰყვა ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირება, შედეგად ფასიც შემცირდა. რაც შეეხება აშშ-ს, იქ მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. ფასიც სტაბილურია და საკმაოდ მიმზიდველი, თუმცა ყველას არ აქვს შესაძლებლობა ამ ბაზარზე გავიდეს", - განმარტა მან.