მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფესტივალი One Caucasus-ი წელს უკრაინას მიეძღვნება - სოფელ წერაქვში 2 000-მდე სტუმარს ელოდებიან

62fa50c211a2c
გვანცა სანაია
15.08.22 17:56
1134
საერთაშორისო ფესტივალს One Сaucasus ქვემო ქართლი წელს 25-დან 29 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. მულტიკულტურულ ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან, 1 000-დან 2 000-მდე სტუმარს ელოდებიან, რომელთა წინაშე 20-მდე მუსიკალური ბენდი და შემსრულებელი წარდგება. ფესტივალზე დასწრება, წინა წლების მსგავსად, უფასო იქნება.

One Caucasus-ი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ყოველწლიურად იმართება, 2022 წელს უკრაინას მიეძღვნება.

„One Caucasus 2022 სწორედ უკრაინის გამოშვება იქნება. ვიწვევთ უკრაინელ პროფესიონალებს, მათ შორის ხელოვანებს, არქიტექტორებს, ტრენერებსა და რა თქმა უნდა, მუსიკოსებს. ნაწილი საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტებში იქნებიან ჩართულები, ხოლო შემსრულებლები One Caucasus-ის მუსიკალურ ნაწილში“, -განაცხადა BM.GE-სთან ორგანიზაციის „ერთი კავკასია“ დამფუძნებელმა, ირაკლი მიქიანმა.

ორგანიზატორებმა BM.GE-სთან განმარტეს, რომ ფესტივალის "ერთიანი კავკასია" მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება და წელს მუსიკალურ სფეროში არაერთი სიახლე ექნებათ.

"ჩვენი ინტერესია, რომ წერაქვი იყოს ფესტივალის სახლი და გახდეს უფრო თანამედროვე. იყოს არამხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა საერთაშორისო პროექტების ინტერესის ობიექტი, რომ უფრო მეტად დაიტვირთოს და გამოაცოცხლოს ადგილობრივი გარემო, შეიქმნას ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. წელს მუსიკალურ სფეროში გვექნება ძალიან კარგი სიახლეები, ჩამოგვყავს მუსიკოსები, მათ შორის ლონდონიდან, ვარშავადან“, - ამბობს ირაკლი მიქანია.

განიხილება იდეაც, რომ შესაძლოა, ფესტივალს ქვემო ქართლის დღე დაემატოს. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ამ გზით რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება One Caucasus-ის აუდიტორიას საკუთარი მუნიციპალიტეტი კულტურული და ტურისტული კუთხით გააცნოს.
მარნეულის ადგილობრივი მთავრობა ტურისტული და ეკონომიკური თვალსაზრისით BM.GE-სთან ფესტივალის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus-ი მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის როგორც კულტურული, ისე ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებით. ამ ფესტივალს უკვე ტრადიციული სახე აქვს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განსაკუთრებით ელოდება. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მულტიკულტურა თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი, მარნეულის მერია ყოველთვის მხარს უჭერს ამ ფესტივალს,“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

ინფორმაციისთვის, One Caucasus-ის დამფუძნებელია პოლონური ფონდი „სხვა სივრცე“ და საქართველოში ორგანიზაცია „ერთი კავკასია“. ფესტივალს აფინანსებს ევროკომისია და ძირითადი მხარდამჭერია ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს პროგრამა „ევროპა“.