14.აგვისტო .2021 09:30

ფესტივალი ROKVA 2022 წლამდე გადაიდო - „სახელმწიფომ იძულებითი ზარალის წინაშე დაგვაყენა“

ფესტივალი ROKVA 2022 წლამდე გადაიდო - „სახელმწიფომ იძულებითი ზარალის წინაშე დაგვაყენა“
views 1747
უკან

რაჭაში, დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალი Rokva 2021, რომელიც 14-15 აგვისტოს უნდა გამართულიყო, სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების გამო 2022 წლამდე გადაიდო. ამასთან დაკავშირებით ფესტივალის ორგანიზატორები ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ფესტივალის გადადების მიზეზებზე და იმ ზარალზე საუბრობენ, რომელიც მათ ამ გადაწყვეტილებით მიადგათ.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ ისინი ფესტივალის უსაფრთხოდ გამართვისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდნენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. BM.GE მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორები განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილებების სერიისა, დღეს დაანონსებული დამატებითი შეზღუდვები არ გვაძლევს საშუალებას ფესტივალი ჩავატაროთ დაპირებული სასიამოვნო გამოცდილების სახით, ისე, რომ ჩვენი შეხვედრა არ დაემსგავსოს ბრძოლის ველს.

ჩვენ ყველა ძალისხმევა გავწიეთ, რომ ფესტივალი ყოფილიყო კოვიდ-უსაფრთხო ზონა: არსებული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ფესტივალზე დაიშვებოდნენ მხოლოდ კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრები, ვმუშაობდით სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობის მქონე ღია სივრცეში და ბილეთების შეზღუდულ ოდენობაზე, ყველა არსებული რისკის გათვლით.

ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და არაფრით დავიხევდით უკან, რეალურად რომ არსებობდეს Rokva 2021 - back to Magic Mountain/Shovi-ის უსაფრთხოდ და შესაბამისი ხარისხით ჩატარების სულ მცირე შანსი მაინც. ამ დროისთვის არსებული ყველა შესაძლო განვითარებით, მივდივართ ისეთ დამღუპველ შედეგებამდე, რომლებიც უბრალოდ არ მოგვცემს მუსიკით ტკბობის და სიამოვნების მიღების საშუალებას. ამიტომ, გვიწევს ამ უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება და ფესტივალის გადადება 2022 წლამდე.

მნივნელოვანია, რომ ROKVA 2020, ჩვენ პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით ჩავატარეთ და ეს გამოცდილებაც ცალსახად გვიმაგრებდა ზურგს იმ მოლაპარაკებებში, რომლებსაც ვაწარმოებდით წელს, როგორც ახლა აღმოჩნდა, ბოლო კომერციული ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ვიბრძოლეთ ბოლო წუთამდე და მაინც რთული წარმოსადგენი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამონაკლისის გარეშე ძალაში დატოვებით, რიგი უკვე ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მაინც ასეთი იძულებითი ზარალის წინაშე დაგვაყენა სახელმწიფომ - ფესტივალი, არტისტები, ჩვენთან დასაქმებული 350-მდე ადამიანი და რაც მთავარია, რეგიონი და ყველა მეწარმე, ვინც მძიმე წლის ფონზე მოუთმენლად ელოდებოდა შემოსავლის წყაროს.

ამ მოცემულობით უგულებელყოფილია ყველა შეთანხმება, დაპირება და შეგულიანება, რომელიც ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გვქონდა მიღებული და ვართ კოლოსალური მასშტაბის უკვე არსებული და დამატებით - სამომავლო დანაკარგების წინაშე. პანდემიური ვითარების ადეკვატური მართვის ნაცვლად, უკანასკნელ მომენტში კერძო სექტორის ერთადერთი დარჩენილი ღონისძიებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ცალსახა ბუტაფორიული ნაბიჯია და ამას ეწირება არა მხოლოდ ჩვენი ROKVA ფესტივალი, არამედ მთელი ინდუსტრია.

ფარ-ხმალს არ ვყრით და მაინც გავჟღერდებით! დეტალებს მალე გაგაცნობთ! ბილეთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ორშაბათს.
უკეთესი მომავლის იმედით, ROKVA-ს გუნდი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები იკრძალება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა