მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FEX EX-ისა და TNT-ის საქართველოს წარმომადგენლობაში გზავნილების შემცირებას პროგნოზირებენ

5e74829b5a822
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.20 18:32
3800
საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების კომპანია FedEX-ისა და TNT-ის საქართველოს წარმომადგენლობაში ექსპრეს გზავნილების შემცირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო გადამზიდავებზეც იქონია გავლენა.

როგორც BM.GE-ს FedEX-ისა და TNT-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, დღემდე გზავნილების მოცულობა 30%-ით შემცირდა, თუმცა კომპანია განაგრძობს მუშაობას და ავიაგადაზიდვების შეფერხების შემთხვევაში ალტერნატიულ სახმელეთო გადაზიდვებზე სრულად გადავა.

"რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ბრუნვა შემცირდება, იმიტომ რომ მსხვილი კომპანიები ევროპაში გაჩერებული და დაკეტილია, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას, მათ შორის სამედიცინო კომპანიები მუშაობენ დიდი დატვირთვით და ამიტომ ჩვენც ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ და არ გავჩერდეთ.

აქამდე გზავნილების სიხშირე დაახლოებით 30%-ით იყო შემცირებული, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ კიდევ 30%-ით დაიკლებს.

ჩვენ ვართ ერთადერთი ექსპრეს გადაზიდვების კომპანია, რომელსაც როგორც ავია, ასევე სახმელეთო გადაზიდვები გვაქვს და ახლა გავაკეთეთ ისე, რომ ოპერაციები გადავიტანეთ სახმელეთოზე, თუ არ არის ფრენა სახმელეთოთი ვანაცვლებთ, დროში კი იწელება მიტანა, მაგრამ სამაგიეროდ ვცდილობთ, რომ სერვისი არ შევწყვიტოთ, იმიტომ რომ ვალდებულებები გვაქვს, მათ შორის სახელმწიფოს მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ავიამიმოსვლა სრულად შეიზღუდება, სახმელეთო გადაზიდვები ჩვენი ალტერნატიული გზაა.

ექსპრეს გზავნილების შემოტანა, მათი გადაზიდვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ითვლება, რომ უსაფრთხოა, თუმცა ჩვენ, ჩამოსვლის შემდეგ ვამუშავებთ გზავნილებს", - განაცხადა ნინო მენთეშაშვილმა.

ექსპრეს გზავნილების კომპანიების დირექტორმა მოქალაქეების გზავნილებით უზრუნველყოფის თავისებურებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათთან უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია, რაც ხშირად მომხმარებელში უკმაყოფილებას იწვევს.

"ჩვენი თანამშრომლები სრულად არიან დასაქმებულები. ვცდილობთ, რომ ჯგუფებად დავყოთ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მათი ხშირი კონტაქტი, სხვა რეჟიმში ვმუშაობთ და დროის განრიგებიც შევცვალეთ. ზოგი 2 საათამდე მუშაობს, ზოგი 2-ზე იწყებს. ძალიან მცირე პროცენტი მუშაობს სახლიდან, დანარჩენები კი ერთმანეთისგან იზოლირებულ სივრცეებში არიან.

ამასთან, ჩვენ მომხმარებელს ცოტა დისკომფორტი შევუქმენით, გამომდინარე იქიდან, რომ კურიერებს თვითონ ოფისებში მისვლა ავუკრძალეთ, ვურეკავთ და კართან ვტოვებთ ამანათებს, რომ შეხების ნაკლები რისკი ჰქონდეთ, შესაბამისად ბევრი გვსაყვედურობს, თუმცა ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ამ წესს", - განმარტა კომპანია FedEX-ისა და TNT-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა.