25.დეკემბერი .2019 16:00

"FIBA-ს სტანდარტების ახალი საკალათბურთო დარბაზი საბურთალოზე აშენდება"

views 950
უკან

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკალათბურთო დარბაზი აშენდეს საბურთალოზე, ოლიმპიური სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - ეს განცხადება „საქმინი დილის“ ეთერში, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გააკეთა.

მისი თქმით, 2021 წელს ევრობასკეტის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლებას, რომელიც საქართველომ მოიპოვა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პაატა გურასპაულის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, იმისთვის რომ 2021 წლის მაისში ან ივნისში სრულ მზადყოფნაში იყოს ულტრათანამედროვე სპორტის სასახლე, რომელიც 2021 წლის სექტემბერში საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს.

„ფედერაციის მიერ კანდიდატად წარგენისას FIBA ს მივაწოდეთ ორი პროექტი. ერთი ითვალისწინებდა სრულიად ახალი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობას, მეორე კი არსებული ინფრასტრუქტურის ეროპულ სტანდარტებამდე მიყვანას. ხელისუფლების გადაწყვეტილება FIBA-სთან შეთანხმებულია და მათ დამატებითი კითხვები არ აქვთ",- განაცხადა გურასპაულმა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციითვე, FIBA ს წარმომადგენლები საქართველოში 2020 წელს ჩამოვლენ და მშენებლობის მონიტორინგსაც განახორციელებენ.

ინფორმაციისთვის, საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ „ფიბა“ (FIBA) ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკალათურთო ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მეხუთე ევრობასკეტი იქნება. ჯგუფური ეტაპი (ოთხი სხვადასხვა ჯგუფი) გაიმართება საქართველოში (თბილისი), ჩეხეთში (პრაღა), გერმანიასა (კიოლნი) და იტალიაში (მილანი). პლეიოფის მატჩებს ბერლინი უმასპინძლებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.