მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიაში ინვენტარიზაცია მიმდინარეობს - რა კავშირშია ძველი მენეჯმენტი?

5e181c8388b48
ინგა მურუსიძე
10.01.20 10:44
2131
თბილისის დიდი სახელმწიფო დარბაზის (ფილარმონიის) ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დროებითი მმართველი ძველ მენეჯმენტთან შეხვედრებს მართავს, - ამის შესახებ bm.ge-ს ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ძველ მენეჯმენტთან აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება.

რაც შეეხება დროებით მმართველს, რომელიც ქონების მართვის სააგენტოდან არის დანიშნული, როგორც სააგენტოში ამბობენ, „მართველი დროებით არის დანიშნული და თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ახალი მმართველის შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ ფილარმონიის დროებითი მმართველად ვასილ ვაშაკიძე 25 ნოემბერს დაინიშნა.

ცნობისთვის: შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი" 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის" მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.

შპს „ინტერნეიშენალ ივენთის" მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში. ეკონომიკის სამინისტროს მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ რელიზში ეწერა, რომ სახელმწიფო შეიმუშავებდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" განვითარების გეგმას და მოიზიდავდა სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის, თუმცა აღნიშნული გეგმა, ჯერჯერობით, უცნობია.