21.აგვისტო .2019 19:00

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

views 275
უკან

შეწყვეტს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო ფილარმონიის მოქმედ მენეჯმენტთან ხელშეკრულებას, ამ დრომდე უცნობია. შპს „ინთერნეიშენალ ივენთი“, რომელსაც 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილება ითხოვა. სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა „ინტერნეიშენალ ივენთსის“ წერილს წინ უძღოდა ქონების ეროვნული სააგენტოს 4 იანვრის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დავალიანების გამო სააგენტო ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტდა. როგორც შემდგომ განმარტეს, ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო და უწყებას ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა.

როგორც ფილარმონიის ხელმძღვანელ გიორგი კერესელიძე bm.ge-ისთან ამბობს, მათ წინადადებით უკვე მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და ახლა ელოდებიან უწყების გადაწყვეტილებას.

„იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არ დააწვებიან სახელმწიფო ბიუჯეტს კიდევ ამ ერთი ობიექტით.

ეკონომიკის სამინისტრო რეალურად იმისთვის არსებობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სწორად განსაზღვროს და თუ უნდათ კიდევ 10 მილიონი აკიდონ ქვეყანას ყოველ წელს, მაშინ აკიდონ და ეს ბიზნესი მოკლან საერთოდ. ველოდებით, მუშა პროცესია. რამდენად ჩქარა და აქტიურად მუშაობენ ვერ გეტყვით, რადგან ამდენი თვე გავიდა. რადგან ხელმძღვანელობაც შეიცვალა, მათ შორის ქვედა დონეზეც, ალბათ თავიდან ეცნობიან მასალებს. ყოველ წელს რაღაცას ვგზავნიდით და პასუხი არ გვაღირსეს. 8 წელია ვითხოვთ ის ვალდებულება, რომელიც არასწორად დაგვეკისრა მოიხსნას, დანარჩენ ყველა პირობას ისედაც ვასრულებთ“, - აცხადებს კერესელიძე.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობული bm.ge-ისთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა გადასულიყო, კერძოდ, ის უნდა გადასცემოდა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს და ეს ყველაზე ობიექტური გადაწყვეტილება იქნებოდა.

როგორც კერესელიძე ამბობს, სწორედ გიორგი ქობულია იყო ერთადერთი მინისტრი, რომელიც ფილარმონიის საკითხზე მათ არ შეხვედრია და მხოლოდ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ბიზნეს გეგმით იხელმძღვანელა, რომელიც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული.

„წინა ეკონომიკის მინისტრი ერთადერთი იყო, რომელიც ამ საკითხზე პირადად არ შეგვხვედრია და ჩვენთან ერთად თემა არ გაუვლია. ნათია თურნავა რამდენიმე დღის დანიშნული იყო, რომ მოხდა შეხვედრა. გაეცნო ამ პრობლემას და გვითხრა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოახდენენ შესწავლას და გადაწყვეტილებას მიიღებდნენ“, - აცხადებს კერესელიძე.

უკვე 6 თვე გავიდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ჯერ არ გადაუწყვეტია გააუქმებს თუ არა ხელშეკრულებას ფილარმონიის მმართველ „ინტერნეიშენალ ივენთთან“. რა პროცესშია სამინისტრო, ამ კითხვით bm.ge-მ უწყებას უკვე მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა