03.ივლისი .2020 15:01

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” აცხადებს, რომ თამბაქოს კვამლის გარეშე მომავალი მის ინტერესშია

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” აცხადებს, რომ თამბაქოს კვამლის გარეშე მომავალი მის ინტერესშია
views 645
უკან

  • მარლბოროს მწარმოებელი კომპანია გასახურებელი თამბაქოს წარმოებაზე გადადის.
  • PMI ვარაუდობს, რომ 10-15 წელიწადში რიგ ქვეყნებში ტრადიციულ თამბაქოზე მოთხოვნა აღარ იარსებებს.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, გლობალურად მწეველთა რაოდენობა 1.1 მილიარდს შეადგენს და ეს მაჩვენებელი უახლოესი წლების განმავლობაში დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნდება. 

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” ტრასფორმაციას გეგმავს, რაც 2025 წლისთვის ტრადიციული სიგარეტის ალტერნატიული მოწყობილობით ჩანაცვლებას გულისხმობს. განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიამ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

კომპანიის CEO-ს ანდრე კალანცოპოლოსის განცხადებით, თამბაქოს კვამლის გარეშე მომავლის შექმნა თავად PMI-ს ინტერესებშია.

"მჯერა, რომ სწორი მარეგულირებელი სისტემისა და საზოგადოების მხარდაჭერით, მომავალი 10-15 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდება ტრადიციული სიგარეტის გაყიდვების მინიმუმამდე შემცირება“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე კალანცოპოლოსმა.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ შექმნილი მოწყობილობა IQOS-ი თამბაქოს წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს. კომპანია სიგარეტის ალტერნატივების ბაზრის ამ სეგმენტზე ლიდერის პოზიციებს იკავებს. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგების დაახლოებით 20% სწორედ IQOS-ის გაყიდვებზე მოდის.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად,  2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით PMI-ის პროდუქციის 140 მილიონი მომხმარებლიდან 13.6 მილიონი IQOS-ის მოწყობილობას მოიხმარდა, რომელთაგან 9.7 მილიონმა მწეველმა სრულად ჩაანაცვლა ტრადიციული სიგარეტი ალტერნატიული მოწყობილობით.

„კვამლისგან თავისუფალი მომავლის“ შესაქმნელად კომპანია აგრძელებს თამბაქოს ალტერნატივების განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებას. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს კომპანიის ხარჯების 71% კვამლისგან თავისუფალი პროდუქტის წარმოებისა და განვითარებისკენ იყო მიმართული.

„ფილიპ მორისის” განცხადებით, ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივების მოხმარებით გამოყოფილი ორთქლის შემადგენლობა ნაკლები მოცულობის საზიანო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე  ჩვეულებრივი სიგარეტი. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს. ისინი ვარაუდეობენ, რომ მოწყობილობის მოხმარების დროს გამოიყოფილი ნივთიერებების გრძელვადიანი გავლენა ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ უცნობია.

„PMI-ის მიზანს 2025 წლისთვის მწეველთა დადგენილი რაოდენობის, 1.1 მილიარდი მომხმარებლის, 40 მილიონით შემცირება წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ მთავრობებისა და ჯანდაცვის სისტემების ხელშეწყობით არის შესაძლებელი,“- ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.