მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილიპინები, იაპონია, აშშ, კანადა - "კამპამ" საექსპორტო ბაზრები გააფართოვა

6403b01440ce4
თინათინ ნატმელაძე
04.03.23 20:50
1004
"კამპას“ წვენები უკვე ფილიპინებში, აშშ-ში, იაპონისა და კანადაშიც იყიდება, - ამის შესახებ კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა გიორგი ლომთაძემ BM.GE-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის „კამპას“ საერთო ბრუნვაში ექსპორტს 40%-იანი წილი უჭირავს.

მისივე ცნობით, გასულ წელს აღნიშნულ ქვეყნებში 0.5 მილიონი ლიტრის ოდენობის წვენი გაგზავნეს.

„კამპა“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას არ წყვეტს და კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ქარხანას წარმადობის გაორმაგების და კიდევ 10 საექსპორტო ბაზრის დამატების პოტენციალი აქვს.

„2022 წელი ექსპორტის მიმართულებით ყველაზე წარმატებული წელი იყო, ამ მხრივ მხოლოდ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ.

ახლახანს ვიმყოფებოდით Gulfood-ის საერთაშორისო გამოფენაზეც, სადაც წინა წლებთან შედარებით რეკორდულად დიდი რაოდენობის სტუმარი იყო წარმოდგენილი. საკმაოდ კარგი შედეგებით დავბრუნდით და ამ გამოფენის შემდეგ 91 საერთაშორისო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია, რომლებიც ჩვენი პროდუქციით დაინტერესდნენ, ჩვენ ჩვენს პირობებს ვაცნობთ და ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობასაც დავამყარებთ.

დაინეტერესება გაზრდილია ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან - ამ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან დაეძაბა ურთიერთბა, რის გამოც ახალი ბაზრების ძიების პროცესში არიან.

ამჟამად ჩვენი ქარხანა საათში 6 000 ლიტრ წვენს ასხამს, წელიწადში კი მილიონობით ლიტრის წარმოება შეგვიძლია, თუმცა მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში ამ რაოდენობის გაორმაგების პოტენციალი გვაქვს.“ - განაცხადა გიორგი ლომთაძემ.

აღსანიშნავია, რომ „კამპას“ წვენები ახალი საექსპორტო ბაზრების გარდა საუდის არაბეთში, ჩეხეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ჩინეთსა და ჰონგკონგშიც რეალიზდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიის ექსპორტის მენეჯერი გვიყვება, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებას აქაც თავისუფლად ახერხებენ და იმპორტირებულ პროდუქტსაც მნიშვნელოვან კონკურენციას უწევენ.

„საქართველოში ჩვენი პროდუქტი ყველა ქსელურ მარკეტში, აეროპორტებში, კაფე-რესტორნებში და სასტუმროებშია წარმოდგენილი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ოდნავი წყვეტა გვქონდეს ეს ნედლეულის მოწოდების შეფერხებაა, დანარჩენად ადგილორბივ მომხმარებლებს ჩვენს პროდუქტზე წვდომა სულ აქვთ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წვენები ხარისხით საკმაოდ მაღალ კატეგორიაში დგას, ამ კატეგორიაში კი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაბალი საფასური გვაქვს, მათ შორის იმპორტირებულ პროდუქტებთან შედარებითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ „კამპა“ საკმაოდ კონკურნტუნარიანია ადგილობრივ ბაზარზე.

აქვე, ჩვენი უპირატესობაა ის დივერსიფიცირებული ფორმატი, რომელსაც ბაზარს ვთავაზობთ - მუყაოს კოლოფების გარდა ჩვენი წვენები უკვე მინის ბოთლებშიც ისხმება, რაც მომხმარებლების მხირდან დიდ მოწონებას იმსახურებს.“ - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.