მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-ში აფხაზეთმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც მთელმა თბილისმა - ის უფასოდ მარაგდება

601118958aaa1
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.21 14:38
2537
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება. 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა.

ესკოს მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. შედარებისთვის თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათი იყო. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $89 მილიონი დოლარია (ერთი კილოვატი 3.5 ცენტი).

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა რეგიონში კრიპტოვალუტების მოპოვებას უკავშირდება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების მაინინგისთვის განკუთვნილი ბლოკების შეტანა აკრძალა, თუმცა აკრძალვის მონიტორინგს ვერ ახორციელებს. 

აფხაზეთი საქართველოდან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება. 2021 წლის იანვარში სადგური სარეაბილიტაციოდ გაჩერდა, ამ პერიოდში სანამ სადგური გამომუშავებას აღადგენს აფხაზეთი დენს რუსეთიდან იღებს, თუმცა არა უფასოდ.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა და 12.17 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. მოხმარების კლება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.