18.აგვისტო .2019 15:00

ფინანსისტები ანაკლიის პორტში რუსული და ჩინური კაპიტალის შემოსვლას არ გამორიცხავენ

views 2823
უკან

"მთავრობის ყველა ქმედება თუ განცხადება ცხადყოფს, რომ ანაკლიის ღრმაწლოვან პორტს არ აქვს მთავრობის მხარდაჭერა და კონსორციუმსაც აიძულებენ, რომ დატოვოს პროექტი", - ამის შესახებ BMG-ისთან ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში ლეგიტიმური, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ინვესტორი ამ პროექტის ასაშენებად არ შემოვა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გუშინ ანაკლიის ღრმაწლოვან პორტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმისგან „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელი „სტრატეგიული ინვესტორის“ წარდგენას ითხოვს.

„მთავრობა იქცევა იმის შესაბამისად, რა შედეგიც უნდათ, რომ მიიღონ. მე რომ მთავრობის წევრი ვიყო და არ მინდოდეს ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად ანალოგიურ განცხადებებს გავაკეთებდი. ამ საქციელებით კი, პოტენციურ ინვესტორს აგებინებენ, რომ სჯობს, არც ის შემოვიდეს და ჩაერთოს პროექტში. ამიტომაც დღითიდღე იკლებს იმის შანსი, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი აშენდეს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე პროექტის დასრულება,“ - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, ინვესტორი შემოვიდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ტიპის გარიგება მოხდა მაგალითად, ბიძინა ივანიშვილთან და რუს ინვესტორებთან.

„კულისებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას უნდა რუსული მხარე პოზიციონირებდეს პროექტში. ამიტომ არის შანსი რომ 'კონტი ჯგუფი' ჩანაცვლდეს. ხომ არსებობენ სხვადასხვა რეპუტაციის მქონე ინვესტორები, სხვა გემოვნების, ინტერესისა და მიდგომების, ასევე არსებობს 'თეთრი ფული' და 'შავი ფული', ამიტომაც თუკი მთავრობას უნდა, მაშინ შემოვა ინვესტორი, თუმცა არა, რა თქმა უნდა, კარგი რეპუტაციის და საერთაშორისო გამოცდილების მქონე,“ - განაცხადა ბედინეიშვილმა.

ასევე, რუსულ პოლიტიკასა და ინტერესს უკავშირებს ფინანსისტი აკაკი ცომაიაც ანაკლიის ღრმაწლოვან პორტთან დაკავშრებით მთავრობის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმისგან „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელი სტრატეგიული ინვესტორის წარდგენას ითხოვს.

ცომაიას განმარტებით, ყველა ამ ირიბ მინიშნებას მივყავართ იმ აზრამდე, რომ მთავრობა დაინტერესებულია და აქტიურად მუშაობს რუსული კაპიტალისა და ჩინური ინვესტიციის შემოსვლაზე.

„ჩემი აზრით, მთავრობის გეგმაა, რომ რუსული პოლიტიკური ინტერესი დაკმაყოფილდეს. ეს ძალიან კარგად ჩანს იმ განცხადებებში, რასაც აკეთებენ. ეს ყველაფერი ხილული და გასაგებია. კონსორციუმისთვის რთულია იპოვოს „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელი. ინვესტორი, რომელსაც აქვს გამოცდილებაც და ფულიც შესაძლოა ვერც იპოვოს და ეს ძალიან კარგად იცის მთავრობამაც და მისი მიზანიც სწორედ ეს არის,“ - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა